ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისიაში აცხადებენ, რომ კოსოვოში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდებიან და მზად არიან ჩასარევად, თუ სტაბილურობა საფრთხის წინაშე დადგება
ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისია კოსოვოში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდება და მზად არის ჩასარევად, თუ სტაბილურობა საფრთხის წინაშე დადგება, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების პრესრელიზში.
განცხადების თანახმად, კოსოვოს საერთაშორისო ძალები ფოკუსირებულია გაერო-ს მანდატის ყოველდღიურად განხორციელებაზე კოსოვოს მოსახლეობის უსაფრთხო გარემოს და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისთვის. მათივე ცნობით, ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მეთაური მუდმივ კონტაქტზეა კოსოვოს უსაფრთხოების სტრუქტურებთან და სერბეთის თავდაცვის სამინისტროსთან.
„ნატო კვლავ აქტიურად უჭერს მხარს პრიშტინას და ბელგრადს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ევროკავშირის შუამავლობით და მხარეებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობის, შიდა რეფორმებისა და კარგი მეზობლური ურთიერთობების გარეშე, ბალკანეთში უკეთესი მომავლის პერსპექტივა არ არსებობს. კოსოვოს საერთაშორისო ძალები მიიღებს ყველა საჭირო ზომას კოსოვოში უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მედიის ცნობით, სერბეთსა და კოსოვოს შორის გამყოფ ხაზზე სროლისა და განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა.