მედიის ცნობით, სერბეთსა და კოსოვოს შორის გამყოფ ხაზზე სროლისა და განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა
მედიის ცნობით, სერბეთსა და კოსოვოს შორის გამყოფ ხაზზე სროლისა და განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა

სერბეთსა და კოსოვოს შორის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე სროლისა და განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ჩრდილოეთ კოსოვოში მოწყობილ ბარიკადებზე ერთი ეთნიკური სერბის დაშავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებმა სერბებმა მთავარი ავტომაგისტრალები სატვირთო ავტომობილებით გადაკეტეს. დაძაბულობის ზონაში კოსოვოს სწრაფი რეაგირების ძალები გამოჩნდნენ.

კოსოვოში მცხოვრები სერბების უკმაყოფილება კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელიც ეთნიკური სერბებისთვის საავტომობილო ლიცენზიების ცვლილებას ითვალისწინებს. 2021 წლის სექტემბერში კოსოვოს ხელისუფლებამ კოსოვოს ტერიტორიაზე სერბული ნომრებით შესვლა შეზღუდა.

კოსოვოს ხელმძღვანელობამ მიმდინარე წლის 4 ივლისს ეთნიკურ სერბებს მოუწოდა, საავტომობილო რეგისტრაციის დოკუმენტები 30 სექტემბრამდე შეეცვალათ და კოსოვოს სარეგისტრაციო დოკუმენტები აეღოთ.

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა კოსოვოს ადმინისტრაციას მშვიდობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი სასაზღვრო დაძაბულობაში სერბეთის პრეზიდენტს ადანაშაულებს.