ნატო ჩხეიძე - რაც შეიძლება ახლა ხდებოდეს, „იბერიაზე“ შეტევას ვერ დავარქმევ, შეტევა იყო 2004 წელს
ნატო ჩხეიძე - რაც შეიძლება ახლა ხდებოდეს, „იბერიაზე“ შეტევას ვერ დავარქმევ, შეტევა იყო 2004 წელს

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტების“ წევრი ნატო ჩხეიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მედიის საშუალებით შანტაჟის რაიმე მცდელობა აბსოლუტურად გამორიცხულია.

როგორც ჟურნალისტებს ჩხეიძემ განუცხადა, „იბერია“ დამოუკიდებელი და თავისუფალი ტელეკომპანიაა, რომელიც დღის მოვლენებს ფაქტებზე დაყრდნობით აშუქებს და მიმდინარე მოვლენების მიმართ თავიანთი დამოკიდებულება აქვთ.

მისი ცნობით, „ომეგა“ ჯგუფის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას ფლობენ როგორც პარლამენტის დარგობრივ კომიტეტში, ასევე მთავრობასა და სასამართლოში.

„ომეგა“ ჯგუფში ბევრი კომპანია შედის. „ომეგა“ 20 წელზე მეტია, წარმატებული კომპანიაა და მის მიერ უამრავი ადამიანია დასაქმებული. „ომეგა“ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი სექტორი ფაბრიკაა, რომელიც ახლა გარკვეული მიზეზების გამო დაზარალებულია. ეს მიზეზები არალეგალური მოქმედებებია, რომელიც, ძირითადად, ეროვნული ფირმებიდან და კიდევ მცირე საწარმოების მხრიდანაა. საქმის კურსში არიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, მთავრობა და სასამართლოც. საკითხის შესახებ დავა სასამართლოში მიმდინარეობს და ალბათ უზენაესი სასამართლო თავის დასკვნასაც წარმოადგენს. ალბათ ყველანაირი არალეგალური მოქმედებები აღიკვეთება, რადგან ყველა ამისთვის არის მოწოდებული“, – განაცხადა ჩხეიძემ.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ „ომეგას“ მიმართ შეტევას ვერ დაარქმევს იმას, რაც ახლა ხდება.

„შანტაჟი ყველას მხრიდან დაუშვებელია. „იბერია“ და სხვა ტელეკომპანიები დამოუკიდებლები არიან და ისინი არანაირი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზემოქმედებისთვის გამოყენებული არ არიან. მედიის საშუალებით შანტაჟის რაიმე მცდელობა აბსოლუტურად გამორიცხულია, მედიას თავისი საქმე აქვს, მთავრობას თავისი და პარლამენტს – თავისი. თუ ყველა თავის საქმეს კარგად გააკეთებს, ეს მხოლოდ ჩვენს მომავალს წაადგება. შეტევა ის იყო, რაც 2004 წელს განხორციელდა და გახსოვთ, „იბერიის“ მიმართ რა განხორციელდა. შეტევას იმას ვერ დავარქმევ, რაც შეიძლება ახლა ხდებოდეს. დღევანდელი ვითარება 2004 წლის ამბებისგან ძალიან განსხვავებულია“, – დასძინა ჩხეიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა ბოლოდროინდელ ინფორმაციას, რომელიც მედიასაშუალებებს ეხება.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი ტიპის ბრალდებები სრული აბსურდია. გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ ხდებოდეს. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ასევე გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად და ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტების სახელით გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი „ომეგა“ ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა“.