ნათია თურნავა - ვფიქრობთ, იტალიასთან ფრენების დროებით შეჩერებას ავიაკომპანიები გაგებით მოეკიდებიან, ეს იყო ფორსმაჟორი
ნათია თურნავა - ვფიქრობთ, იტალიასთან ფრენების დროებით შეჩერებას ავიაკომპანიები გაგებით მოეკიდებიან, ეს იყო ფორსმაჟორი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველო-იტალიის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს ასრულებენ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, იტალიასთან ფრენების დროებით შეჩერებაზე, გაგებით მოეკიდებიან.

მისი თქმით, ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება მთავრობამ დღეს მიიღო. როგორც მან აღნიშნა ავიაკომპანიების მხრიდან ამის გამო რამე სახის მოთხოვნა არ ყოფილა.

„ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა კომუნიკაცია ავიაკომპანიებთან „ვიზეართან“ და „რაინეართან“. მათი მხრიდან რამე სახის მოთხოვნა კომპენსაციასთან დაკავშირებით არ წამოსულა. რა თქმა უნდა, ეს არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვინაიდან იტალია არის მაღალი რისკის მატარებელი ქვეყანა ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ, მოგვიწია ამ გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობთ, რომ ავიაკომპანიებიც ამას გაგებით მოეკიდებიან. ეს იყო ფორსმაჟორი, ავიაკომპანიებთან კონტრაქტში კორონავირუსის შესახებ პუნქტი ჩადებული არ ყოფილა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.

ნათია თურნავას განცხადებით, იტალიიდან საქართველოს იმ მოქალაქეების ჩამოყვანას, რომლებიც პირდაპირი ავიარეისებით აპირებდნენ გამომგზავრებას, სახელმწიფო უზრუნველყოფს.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიიდან გამომგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა ელექტრონულ მისამართზე [email protected] უნდა გაგზავნონ პირადი მონაცემები, პასპორტის, ბილეთის ან ბილეთის ჯავშნის ასლები.