იტალიიდან საქართველოს იმ მოქალაქეების ჩამოყვანას, რომლებიც პირდაპირი ავიარეისებით აპირებდნენ გამომგზავრებას, სახელმწიფო უზრუნველყოფს
იტალიიდან საქართველოს იმ მოქალაქეების ჩამოყვანას, რომლებიც პირდაპირი ავიარეისებით აპირებდნენ გამომგზავრებას, სახელმწიფო უზრუნველყოფს

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ პირდაპირი ფრენები იტალიასთან, ვინაიდან იტალია ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მაღალი რისკის ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი სპეციალური საგანგებო შტაბი ყოველდღიურ რეჟიმში მსჯელობს კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე.

მინისტრის აცხადებს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით იტალიასთან ფრენების შეჩერება მძიმე გადაწყვეტილებაა, თუმცა პრიორიტეტია მოქალაქეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

„მინდა, გითხრათ, ეს ეკონომიკურად საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ასევე ვფიქრობთ ტურიზმის ინტერესებიდან გამომდინარეც, ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს უსაფრთხო ტურისტული ბაზრის იმიჯი, მათ შორის ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც და თუნდაც ის სტუმრები, ვინც დღეს სტუმრობენ საქართველოს, უსაფრთხოდ გრძნობდნენ აქ თავს. აქედან გამომდინარე, ყოვლად გამართლებული და დროული გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი ამ ეტაპზე კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს, რამდენი ხნით შეწყდა პირდაპირი ფრენა იტალიასთან.

„იმედი გვაქვს, ზაფხულის დადგომასთან ერთად, კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევა ალბათ შემცირდება ან საერთოდ განულდება. ეს არის ჩვენი მოლოდინი და როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, დავიწყოთ აღდგენა პირდაპირი ფრენების, რადგან პირდაპირი ფრენები არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მონაპოვარი, ამას გავაკეთებთ. ახლა კონკრეტული ვადების დასახელება არის რთული, გამომდინარე იქედან, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩვენი კონტროლის მიღმაა, ჩვენ უბრალოდ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფო იზრუნებს იმ მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანაზე, რომლებიც იტალიიდან პირდაპირი რეისებით აპირებდნენ ჩამოსვლას საქართველოში.

„მინდა, დავამშვიდო ჩვენი ის მოქალაქეები, რომლებიც აპირებდნენ გამომგზავრებას იტალიიდან პირდაპირი ავიარეისების მეშვეობით საქართველოს მიმართულებით. ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი ჩამოყვანა და ამაზე იზრუნებს სახელმწიფო, ამასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო“, – განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.