ნათია თურნავა - სავალუტო ფონდის მისიის დადებითი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა პოზიტიურად და სწორად ვითარდება
ნათია თურნავა - სავალუტო ფონდის მისიის დადებითი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა პოზიტიურად და სწორად ვითარდება

მივესალმები, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით, ძალიან დადებითი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და სტრუქტურულ რეფორმებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის (სსფ) შეფასებაზე კომენტარისას განაცხადა.

ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასება ძალიან დადებითია.

„პრაქტიკულად, 2019 წელს ეკონომიკური ზრდა ბევრად აჭარბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს. მოგეხსენებათ, სსფ-ის თავდაპირველი პროგნოზი იყო 4,6 პროცენტი, ხოლო რეალურად ეკონომიკურმა ზრდამ 5,2 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის გარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ხაზგასმით აღნიშნა მიღწევა, რომელიც საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას ეხება.

„იმპორტი პრაქტიკულად არ გაზრდილა, როდესაც ექსპორტი გაიზარდა საკმაოდ მაღალი ტემპით – 12,4 პროცენტით. ინფლაცია, რომელიც გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენდა მთელი ეს თვეები, თანდათან იკლებს და იგივე სავალუტო ფონდის შეფასებით, მიმდინარე წლის ბოლოსკენ თავის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. მთლიანობაში ქვეყანა ვითარდება პოზიტიურად და სწორად. ინვესტორებს დიდი ნდობა აქვთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ველოდებით, რომ წელსაც, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ეკონომიკური ზრდა სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს გადააჭარბებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სსფ-ის მისია, მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით, საქართველოში ვიზიტით მიმდინარე წლის 5-11 თებერვალს იმყოფებოდა. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და სტრუქტურული რეფორმების პროგრესის შეფასება. როგორც ვიზიტის დასრულებისას ვერა-მარტინმა განაცხადა, საქართველოს ეკონომიკის ზრდა კვლავაც მყარია, წინასწარი შეფასებების მიხედვით, 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც სსფ-ის 4.6 პროცენტიან პროგნოზს აღემატება, ხოლო 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე, მშპ-ს 4.4 პროცენტამდე. იმპორტი თითქმის არ გაზრდილა, მაღალი ადგილობრივი მოთხოვნის მიუხედავდ. ექსპორტი კი, 12 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, დაკრედიტების ზრდის ტემპი შენარჩუნდა. ამასთან, მისი განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის 2020 წლის ზრდის პერსპეტივა სტაბილურია და ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტს შეადგენს; რისკები დაბალანსებულია 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი აქტივობის გამო. ინფლაცია კი, მიზნობრივ მაჩვენებელს – წლიურ 3 პროცენტს 2020 წლის ბოლოს მიუახლოვდება.