ნათია თურნავა - საჭიროების შემთხვევაში, კვების ობიექტებს მიტანის სერვისის კარგად ორგანიზებაში დავეხმარებით
ნათია თურნავა - საჭიროების შემთხვევაში, კვების ობიექტებს მიტანის სერვისის კარგად ორგანიზებაში დავეხმარებით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს ე.წ. მიტანის სერვისის განმახორციელებელ კომპანიებს შეხვდება.

მინისტრმა განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, შეხვედრაზე აღნიშნული კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერების საკითხზე იმსჯელებენ.

„დღეს საღამოს მაქვს შეხვედრა მიტანის სერვისის კომპანიებთან. ვიმსჯელებთ, როგორ გავაძლიეროთ მათი სიმძლავრეები, მათი შესაძლებლობები და დავეხმარებით კვების ობიექტებს საჭიროების შემთხვევაში ამის კარგად ორგანიზებაში. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება საკმაოდ დინამიურია, ჩვენ ყოველდღე ახალი გამოწვევის წინაშე ვდგებით. აქედან გამომდინარე, კვების ობიექტები მეტნაკლებად შემზადებული არიან ასეთი გადაწყვეტილებისთვის. ვითვალისწინებთ რა იმ ქვეყნების გამოცდილებას, სადაც ეს პრობლემა დადგა და ასეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული, აქედან გამომდინარე, არ მგონია, ეს მათთვის იყოს დიდი სიურპრიზი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გარკვეული გამოწვევის წინაშე აყენებს აღნიშნულ ბიზნესს და ჩვენ მათთან კომუნიკაციაში ვართ ამ ნაწილში, რომ ყველა საჭირო პრობლემა გავიაროთ ოპერატიულად“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, შეხვედრაზე ამ საკითხზე აღნიშნული კომპანიების პოზიციებსაც მოისმენენ.

„გადაწყვეტილება ახლა არის მიღებული, მათ პოზიციას მოვისმენთ, მათ პრობლემებსაც გავივლით, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან ბევრ რამეზე დღეს ბიზნესი შეგნებულადაც უარს ამბობს იმის გამო, რომ მთავარი ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ვირუსის გავრცელებისგან. აქედან გამომდინარე არ არის ჩვეულებრივი ბიზნესპროცესები ის, რაც დღეს ხდება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს რეკომენდაცია ეძლევათ, დროებით შეიზღუდონ მოქალაქეების უშუალო მომსახურება და აამოქმედონ მხოლოდ ე.წ. გატანის სერვისები.