ნათია თურნავა - რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლის აღდგენაზე წინადადება თუ შემოვა, ამას განვიხილავთ არამხოლოდ ტურიზმის განვითარების კუთხით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებითაც
ნათია თურნავა - რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლის აღდგენაზე წინადადება თუ შემოვა, ამას განვიხილავთ არამხოლოდ ტურიზმის განვითარების კუთხით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებითაც

რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლის აღდგენაზე წინადადება თუ შემოვა, ამას განვიხილავთ არამხოლოდ ტურიზმის განვითარების კუთხით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებითაც, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე.

თურნავას თქმით, რუსული ავიაკომპანიებისგან რაიმე ოფიციალური წინადადება საქართველოს ამ დრომდე არ მიუღია.

„ჩვენთან რაიმე ოფიციალური წინადადება, ან განაცხადი რუსული ავიაკომპანიებისგან დღემდე არ შემოსულა. ჩვენთვის არ არის ცნობილი, თუ რაიმე ოფიციალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული რუსეთის მხარის მიერ ამ შეზღუდვის გადახედვაზე. დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ როდესაც რუსეთმა ავიამიმოსვლა შეწყვიტა, ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდით, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე მიზანშეწონილობა არ ახლდა არც მაშინ და არც არასოდეს. რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს საქართველოში არაფერი ემუქრებოდა. ჩვენი გარემო აბსოლუტურად უსაფრთხო იყო.

თუკი მსგავსი წინადადება შემოვა, ჩვენ ამას განვიხილავთ არამხოლოდ ტურიზმის განვითარების კუთხით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებითაც. რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ მთლიანად რეგიონში ვითარება მალე ნორმალიზდება და შევძლებთ, სრულმასშტაბიანად აღვადგინოთ ტურისტული ნაკადი“, – განაცხადა თურნავამ.