სერგეი ლავროვი - მინდა, მქონდეს იმედი, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია
სერგეი ლავროვი - მინდა, მქონდეს იმედი, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რომ მას სურს, ჰქონდეს იმედი, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია. ამის შესახებ ლავროვმა გაზეთ „ტრუდთან“ ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და რუსეთი ბოლო 12 წელია, ისე ურთიერთქმედებენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ.

„დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა თბილისის ინიციატივით და ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ განხორცილებული სამხრეთოსური ავანტიურის შედეგი“, – განაცხადა ლავროვმა.

ამავე დროს, ლავროვი ინტერვიუში ამტკიცებს, რომ რუსეთს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა სურს.

„სწორედ ამიტომ დავუჭირეთ მხარი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წელს ინიცირებულ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსს. ამ კუთხით რუსეთისგან შეზღუდვები არ გვაქვს. ჩვენი ქართველი პარტნიორები კი კონიუქტურული მიზნებით პერიოდულად ათამაშებენ ანტირუსულ კარტს. ამ მხრივ თანმიმდევრულობის დანაკლისი სახეზეა“, – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, რუსეთ-საქართველოს შორის ავტობუსების რეგულარული მიმოსვლა 2019 წელს აღდგა, ხოლო 2014 წლიდან დაიწყო ფრენები.

„ამ ფონზე ჩვენ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზეც დავიწყეთ მუშაობა. თუმცა, დადებით დინამიკას ხაზი გადაუსვა 2019 წლის ივნის-ივლისის მოვლენებმა თბილისში, როდესაც ქართველი ნაციონალ-რადიკალების პროვოკაციის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტმა დროებით შეზღუდა საქართველოსთან სამგზავრო ავიაგადაზიდვები. მინდა, იმედი მქონდეს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია“, – განაცხადა ლავროვმა გაზეთ „ტრუდთან“ ინტერვიუში.