ნათია თურნავა - მეშახტეების შრომის ანაზღაურება სრულად დაიფარება, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი კომპანია იძლევა გარანტიას, რომ ისინი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან
ნათია თურნავა - მეშახტეების შრომის ანაზღაურება სრულად დაიფარება, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი კომპანია იძლევა გარანტიას, რომ ისინი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტყიბულში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია ინვესტიციები და საწარმოს განვითარება, თუმცა ხელისუფლებისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო მეშახტეებისთვის შრომის უსაფრთხო პირობები.

ნათია თურნავას განცხადებით,  ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო პერიოდულად ამოწმებს შახტებს და აძლევს მკაცრ რეკომენდაციებს ინვესტორს.

მინისტრის განმარტებით, სწორედ ამას უკავშირდება სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობა.

„ჩვენი სამინისტრო და მე პირადად ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ტყიბულში მიმდინარე მოვლენებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ჩართულები და ამას უყურადღებოდ არ ვტოვებთ. ჩვენთვის ყოველთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო ტყიბულში მეშახტეების შრომის უსაფრთხო პირობები. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ინვესტიციები, მოპოვების ზრდა, საწარმოს განვითარება, თუმცა პირველ რიგში უსაფრთხოება. ჩვენი ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო პერიოდულად ამოწმებს ინვესტორს, ამოწმებს შახტებს. მან ძალიან კატეგორიული, მკაცრი რეკომენდაციები და მითითებები მისცა ინვესტორს და სწორედ ამით არის გამოწვეული ის, რომ მათ აუცილებლად უნდა განახორციელონ აუცილებელი სარემონტო სამუშაოები. ეს არის ჩვენი მკაცრი მოთხოვნა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ინვესტორთან და ძალიან მისასალმებელია, რომ ეს კეთდება იმდაგვარად, რომ არც ერთი ადამიანი არ იზარალებს“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, ყველა მეშახტის შრომის ანაზღაურება სრულად იქნება დაფარული.

„ყველა დასაქმებული მეშახტე რჩება კომპანიაში დასაქმებულად, მათი შრომის ანაზღაურება იქნება სრულად დაფარული. როგორც ვიცი, მათ დროებით სხვა სამუშაო ადგილი შესთავაზეს. ასევე, კომპანიის მხრიდან  არის გაცემული ყველა აუცილებელი გარანტია და რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც დასრულდება  სარემოტო პროცესი, კომპანია იძლევა გარანტიას, რომ ეს ადამიანები დაუბრუნდებიან ისევ თავის სამუშაო ადგილებს, რა თქმა უნდა უსაფრთხო პირობებით. ჩვენ დავაკვირდებით, როგორც ყოველთვის და ვფიქრობთ, რომ კომპანია და მეშახტეები გონივრულ გადაწყვეტილებამდე და შეთანხმებამდე მალე მივლენ, რადგან ეს არის მათ ინტერესებში“ ,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ტყიბულში მეშახტეები 24 თებერვალს გაიფიცნენ.