ნათია თურნავა - „ინტერნეიშენალ ივენთსი“ ასრულებდა რიგ ვალდებულებებს, თუმცა „დიდმა საკონცერტო დარბაზმა“ ვერ დაიმკვიდრა  ღირსეული ადგილი
ნათია თურნავა - „ინტერნეიშენალ ივენთსი“ ასრულებდა რიგ ვალდებულებებს, თუმცა „დიდმა საკონცერტო დარბაზმა“ ვერ დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი

ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ დიდ საკონცერტო დარბაზს, მის სრულფასოვან ფუნქციონირებას, უფრო მეტად დატვირთვას და იმას, რომ თანამედროვეობაშიც თავის ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცალმხრივად მოგვეშალა მენეჯმენტის კონტრაქტი მმართველ კომპანიასთან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის იმ ბრძანების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ მმართველ კომპანია შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ ხელშეკრულება შეწყდა.​

მისი თქმით, მართალია კომპანია რიგ ვალდებულებებს ასრულებდა, თუმცა არ ხდებოდა იმ პოტენციალის სრულად გამოყენება, რაც „დიდ საკონცერტო დარბაზს“ გააჩნია.

„მართალია, რიგ ვალდებულებებს ეს კომპანია ასრულებდა, მათ შორის გარკვეული ინვესტიციებიც იყო განხორციელებული, მოხდა ფილარმონიის რეკონსტრუქცია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენ მაინც არ ვართ კმაყოფილები, რადგან ყველაზე სერიოზული ვალდებულება, რაც შეეხება ფილარმონიის სრულფასოვან დატვირთვას და კონკრეტული რაოდენობის საერთაშორისო ღონისძიებებისა და კონცერტების მოწყობას, ეს ვერ მოხერხდა და სამწუხაროდ, ამ მენეჯმენტის ფარგლებში ფილარმონიამ ვერ დაიმკვიდრა ის ღირსეული ადგილი, რასაც ის იმსახურებს და რა პოტენციალიც გააჩნია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მოვშალეთ ეს მენეჯმენტ-კონტრაქტი, რაც ჩვენი კანონმდებლობით და საკონტრაქტო დისციპლინით არის განპირობებული. პარალელურად, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, დაეკისრა კომპანიას პირგასამტეხლო და ჩვენი ქონების მართვის სააგენტო სასამართლო წესით მოსთხოვს ამ პირგასამტეხლოს გადახდას. ესეც ჩვენი ვალდებულებაა, რომ საკმაოდ პრინციპულები ვიყოთ ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტის მართვის დროს დაშვებული შეუსრულებლობის მიმართ. ეს ორგანიზაცია გააგრძელებს ფუნქციონირებას და იქ დასაქმებული ადამიანები და პროფესიონალები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ, არავის არაფერი არ ემუქრება. პირიქით, ჩვენ მიმართული ვართ იქეთკენ, რომ ეს ორგანიზაცია განვითარდეს, უფრო მეტად დაიტვირთოს და თავისი მნიშვნელოვანი ადგილი და როლი დაიკავოს, როგორც თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული და საკონცერტო პლატფორმა“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, კომპანიას კონტრაქტი 31 ოქტომბერს შეუწყდა და „თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი“ ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაშია.

„ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ დაიბრუნა მართვის სადავეები ფილარმონიაზე. რაც შეეხება ჩვენს შემდგომ გეგმებს, კონცეფცია შემუშავდება. ეს კონცეფცია პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ ფილარმონიამ თავისი ღირსეული ადგილი და როლი დაიკავოს როგორც საესტრადო, საკონცერტო, კულტურული ცენტრის და მის შესრულებაზე ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებლები“, – განაცხადა თურნავამ.

კითხვაზე კონტაქტის შეწყვეტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა თუ არა კომპანიის მხრიდან არსებული დავალიანება, მინისტრი პასუხობს, რომ კომპანიამ წარმოადგინა დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის რიგი მიზეზები, თუმცა კონტრაქტის გაგრძელების „მყარი პერსპექტივა“ არ გამოჩნდა.

„გვქონდა მმართველ კომპანიასთან კომუნიკაცია, ვთხოვდით მიზეზებს, რის გამო ვერ სრულდება მათზე დაკისრებული ვალდებულებები. მათ წარმოადგინეს გარკვეული ხედვა და მიზეზების ჩამონათვალი, რიგი მიზეზებისა შეიძლება იყო ობიექტურიც, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ არსებობს პოტენციალი ამ მართვის ხელშეკრულების გაგრძელების, ვერ დავინახეთ, რომ მყარი პერსპექტივა გააჩნია ამ კონტრაქტს, აქედან გამომდინარე იძულებულები გავხდით, რომ შეგვეწყვიტა ეს კონტრაქტი.

რაც შეეხება ფილარმონიის მომავალს, ისევ ვამბობ, რომ არსებობს ბევრი მოსაზრება, ბევრი იდეა, ფაქტია, რომ ეს ძალიან მოთხოვნადი ადგილია და მოთხოვნადი კულტურული პლატფორმა. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ, საზოგადოებისა და კულტურის მოღვაწეების ფართო ჩართულობის პირობებში და როგორც კი გვექნება კონცეფცია მზად, გაგაგებინებთ“, – აღნიშნა თურნავამ.

ამასთან, მინისტრი არ აკონკრეტებს, მოხდება თუ არა დიდი საკონცერტო დარბაზის იჯარით გადაცემა კვლავ კერძო სექტორისთვის, თუ მის მართავს სახელმწიფო გააგრძელებს.

„მიზანი არის, რომ ფილარმონია გადაიქცეს ძალიან მნიშვნელოვან, წამყვან კულტურულ, საესტრადო, საკონცერტო ცენტრად, საყვარელ ადგილად თბილისში, რომ გვსიამოვნებდეს იქ ყველას მისვლა. ამის პოტენციალი მას გააჩნია. პოტენციალის გაშლა არის ჩვენი მიზანი. რა გზით გავაკეთებთ, ეს უკვე აისახება კონცეფციაში“, – განაცხადა თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა და ამჟამად მიმდინარეობს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ 100 პროცენტიანი წილის მართვის უფლებით გადაცემის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შემდგომი პროცედურები.

„თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან“ დაკავშირებით ხელშეკრულების შეწყვეტაზე განხილვები რამდენიმე თვის წინ დაიწყო.  ამასთან, მიმდინარე წლის მარტში სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკა რაჭველმა მოითხოვა, რომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი ორკესტრს გადაეცეს. როგორც მაშინ რაჭველმა განაცხადა, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წინაშე, რომ მას ჰქონდეს თავისი დარბაზი.