ნათია თურნავა - „ფრონტერას“ განცხადებებს ყოველთვის ვპასუხობთ საერთაშორისო ნორმების დაცვით, მოვუწოდებთ მას, დროულად შეასრულოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
ნათია თურნავა - „ფრონტერას“ განცხადებებს ყოველთვის ვპასუხობთ საერთაშორისო ნორმების დაცვით, მოვუწოდებთ მას, დროულად შეასრულოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კომპანია „ფრონტერას“ მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მსგავსს განცხადებებს ყოველთვის პასუხობენ სრული სიმშვიდითა და ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო არბიტრაჟი საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულდა.

ნათია თურნავა კომპანია „ფრონტერას“ მოუწოდებს, დროულად შეასრულოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

„პასუხი ძალიან მარტივია. ჩვენ კომპანია „ფრონტერას“ მხრინად მსგავს განცხადებებს ყოველთვის ვპასუხობთ სრული სიმშვიდით, ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით. არასოდეს არ გამოვირჩეოდით ზედმეტი რიტორიკით ამ მიმართულებაში და თავს ვიკავებდით, რადგან მიმდინარეობდა საერთაშორისო არბიტრაჟი.

საერთაშორისო არბიტრაჟი დამთავრდა საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ, ჩვენი ნავთობისა და გაზის კორპორაციის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, დროულად შეასრულოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა. თუ კი გაქვთ სურვილი, მეტი ინფორმაცია და საბოლოო სიმართლე შეიტყოთ ამის შესხებ, ერთად მოვუწოდოთ კომპანია „ფრონტერას“, გაასაჯაროვოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა“,- განაცხადა ნათია თურნავამ.