„ფრონტერა“ გიორგი გახარიას წერილით მიმართავს
„ფრონტერა“ გიორგი გახარიას წერილით მიმართავს

კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავს.

როგორც წერილშია ნათქვამი, საქართველოში ბიზნესგარემო გაუარესდა.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო გახარია,

პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად, ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა, თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნესგარემო, რომელიც არ ცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს, როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას, ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა.

2013 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და ასევე დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის სისტემატურ ნგრევას. შედეგად, საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე, რომელიც მხოლოდ შენიღბულია, როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის გამზიარებელი. ეს „პოლიტიკური წარმოდგენა“ გამიზნულია მხოლოდ უწყვეტი ამერიკული დახმარების მისაღებად აშშ მთავრობიდან. ეს ფარსი უნდა დამთავრდეს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

რუსული ენერგოგიგანტი, „როსნეფტი“ (Rosneft) შემოვიდა საქართველოში 2013 წელს და მას შემდეგ დაუსჯელად საქმიანობს, მიუხედავად აშშ-ის სანქციებისა და საქართველოს კანონის დარღვევისა. „როსნეფტს“ მიეცა უფლება, სტრატეგიულად დაფუძნებულიყო ფოთის პორტში, ნავთობის ტრეიდინგისა და საწვავის დისტრიბუციის სტრუქტურებში. ამავე წელს ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ კი დაიწყო კონტრაქტის შეწყვეტის თვითნებური მცდელობა, რომელიც მოგვიანებით საარბიტრაჟო სასამართლომ უკანონოდ ცნო. რატომ?

ბუნებრივი გაზის იმპორტის ფავორიტული პირობები მიენიჭათ „გაზპრომსა“ (Gazprom) და „სოკარს“ (SOCAR), საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებას ირანის მთავრობასთან გაზის იმპორტთან დაკავშირებით. ამავე დროს კი „ფრონტერას“ მცდელობა, რომ აეთვისებინა გაზის საბადო აღმოსავლეთ საქართველოში, რომელსაც შეეძლო, უფრო იაფი და კონკურენტული გაზი მიეწოდებინა ქართველი მომხმარებლისათვის, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად აწყდებოდა კონტრაქტის გაუქმების, სახელმწიფო მედიის დეზინფორმაციასა და ექსპროპრიაციას. რატომ?

2016 წელს, ჩინურ „სიიეფსის“ (CEFC) გადაეცა 75-პროცენტიანი საკონტროლო პაკეტი, ფოთის სტრატეგიულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. თქვენ პირადად ჩახვედით ჩინეთში რომ გეზეიმათ ხელშეკრულების ხელმოწერა. თუმცა, კომპანიამ ვეღარ განახორციელა 150 მილიონი დოლარის საინვესტიციო ვალდებულება, რასაც არც ჯარიმა და არც საჯარო კრიტიკა არ მოჰყოლია. თქვენ კი საჯაროდ მოიხსენიეთ „ფრონტერა“, როგორც „არაკეთილსინდისიერი კომპანია“ და ეს მაშინ, როცა „ფრონტერამ“ 500 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირება განახორციელა საქართველოში, მიუხედავად მხოლოდ $18 მილიონის ვალდებულებისა. თანაც, ნავთობისა და გაზის ის მარაგი აღმოაჩინა, რაც საქართველოს გახდის ენერგოდამოუკიდებელს. რატომ?

2017 წელს, თბილისში გამართულ საქართველო-ირანის ბიზნესფორუმზე თქვენ განაცხადეთ საქართველოში ირანული ინვესტიციების 657-პროცენტიანი ზრდის შესახებ. ამავე წელს, თქვენმა მთავრობამ წამოიწყო საარბიტრაჟო დავა საქართველოში ყველაზე დიდი ამერიკელი ინვესტორის, „ფრონტერას“ წინააღმდეგ, კონტრაქტის გაუქმების მიზნით. რატომ?

ყველა იმ კომპანიის მსგავსად, რომლებიც წინ აღუდგნენ ანტი ამერიკულ კლეპტოკრატიულ პოლიტიკას, ჩვენც გავხდით სახელმწიფოს მიერ მართული და რუსული მედიის ცილისმწამებლური კამპანიის სამიზნე, საეჭვოდ მსგავსი ყალბი ამბების გამოყენებით ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ, მათ შორის, ჩვენი სამუშაოების და არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ. რატომ?

ყველა მხარე დაზარალდა თქვენი მთავრობის მიერ განხორციელებული ძვირი და წარუმატებელი შეტევის შედეგად. თუკი საქართველოს ნამდვილად სურს გრელვადიანი ქართულ ამერიკული-სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ კითხვა ისმის „რატომ მუშაობთ ამდენს და ხარჯავთ ამდენ თანხას, რათა შეუწყვიტოთ კონტრაქტი ყველაზე დიდ ინვესტორს შეერთებული შტატებიდან?“

ახლა, როცა ხელისუფლების იურიდიული ქმედება „ფრონტერას“ წინააღმდეგ დასრულდა, იმედი გვაქვს, რომ კონსტრუქციული სულისკვეთებით დავხურავთ ამ თავს და უფრო ძლიერ და წამახალისებელ სიგნალს გაუგზავნით ამერიკულ კომპანიებს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ელის მრავალწლიანი წარმატებული ამერიკული კერძო ინვესტიციები“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერს „ფრონტერას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სტივ ნიკანდროსი.