ნათია თურნავა - ფრანგმა მეწარმეებმა საქართველოში ბიზნესის კეთებისა და ახალი შესაძლებლობების ათვისების კუთხით დიდი ინტერესი გამოხატეს
ნათია თურნავა - ფრანგმა მეწარმეებმა საქართველოში ბიზნესის კეთებისა და ახალი შესაძლებლობების ათვისების კუთხით დიდი ინტერესი გამოხატეს

დაინტერესებული ვართ, საქართველოში მეტი ფრანგი ინვესტორი შემოვიდეს და მეტი ფრანგული ბიზნესი იყოს წარმოდგენილი, ამიტომ უმსხვილესი ფრანგული გაერთიანების (MEDEF INTERNATIONAL) მიერ ორგანიზებული დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, ​საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში „მედეფ ინთერნეიშენალის“ (MEDEF INTERNATIONAL) პრეზიდენტთან და ფრანგ მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. ქართულმა მხარემ ფრანგული ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ახალი შესაძლებლობები გააცნო ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრა წარმომადგენლობითი იყო და მნიშვნელოვანია, რომ ფრანგმა მეწარმეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოში ბიზნესის კეთების, ქვეყანაში პარტნიორების მოძიებისა და არსებული ახალი შესაძლებლობების ათვისების კუთხით.

„მათ შორის დაინტერესებული არიან საინჟინრო კომპანიები, რადგან ეს მიმართულება მაღალ დონეზეა განვითარებული საფრანგეთში. მათ აქვთ სურვილი, მიიღონ მონაწილეობა ჩვენს ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სექტორში. ასევე დაინტერესებული არიან მთის კურორტების განვითარებით, რადგან საფრანგეთში ამის უდიდესი კულტურა არსებობს და ჩვენ გავაცანით ის ახალი განვითარება, რაც ამ მიმართულებით გვაქვს, იგივე ზამთრის ჩემპიონატის კუთხით. ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურაზე, რაც უნდა აშენდეს და ისინი სიამოვნებით შემოვლენ ამ მიმართულებით და დაგვეხმარებიან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 28 აგვისტოს საფრანგეთში ბიზნესლიდერების ფორუმს გახსნის, რომლის ორგანიზატორია უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება MEDEF INTERNATIONAL. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმს საფრანგეთის მსხვილი კომპანიების 700 წარმომადგენელი დაესწრება. მათ შორის ის კომპანიები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ მხარესთან. წინა წლებში, MEDEF-ის ზაფხულის უნივერსიტეტის მონაწილეებს სიტყვით ნიკოლა სარკოზიმ და ემანუელ მაკრონმა მიმართეს.