ნათია თურნავა - ძალადობა დასაგმობია, დარწმუნებული ვართ, სამართალდამცველები თითოეულ ფაქტს გამოიძიებენ და დადგება სრულიად სამართლებრივი შედეგი
ნათია თურნავა - ძალადობა დასაგმობია, დარწმუნებული ვართ, სამართალდამცველები თითოეულ ფაქტს გამოიძიებენ და დადგება სრულიად სამართლებრივი შედეგი

ძალადობა დასაგმობია, დარწმუნებული ვართ, სამართალდამცველები თითოეულ ფაქტს გამოიძიებენ და დადგება სრულიად სამართლებრივი შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი არის თავისუფალი სიტყვა და ამ თვალსაზრისით ჟურნალისტებისთვის აბსოლუტურად თავისუფალი გარემოა.

„რა თქმა უნდა, ძალადობა დასაგმობია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელი ეშლებათ ჟურნალისტებს საქმიანობაში, როდესაც ხდება შეტევა ჟურნალისტებზე. ის ფაქტები, რაც ჩვენ ვიხილეთ, დაშავებული ჟურნალისტები, ეს არის მიუღებელი. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცველები თითოეულ ასეთ ფაქტს გამოიძიებენ და დადგება სრულიად სამართლებრივი შედეგი.

ჩვენი გუნდის წევრებმა, ჩვენმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ძალიან ცალსახად დაგმეს ძალადობა. თქვენი პათოსი გასაგებია, ჩვენ ვუერთდებით ამ პათოსს იმ ნაწილში, რომ ძალადობა მართლაც არის ყოვლად მიუღებელი ჟურნალისტებთან მიმართებაში. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი არის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სივრცე და გარემო ჟურნალისტებისთვის, რომ იმუშაონ, აბსოლუტური თავისუფლებაა ამ თვალსაზრისით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თითოეული ასეთი სამწუხარო ფაქტი იყოს ბოლომდე გამოძიებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

შსს-მ რუსთაველის გამზირზე აქციისას მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავა. ამასთან, უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.