ნათია თურნავა - დიდი პატივი და გამოწვევაა, მომეცეს შესაძლებლობა, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, შევუერთდე ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალ გუნდს
ნათია თურნავა - დიდი პატივი და გამოწვევაა, მომეცეს შესაძლებლობა, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, შევუერთდე ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალ გუნდს

ჩემთვის მართლაც ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი გამოწვევაა, მომეცეს შესაძლებლობა, შევუერთდე ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალ გუნდს, როგორც საბჭოს წევრი, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხარს დამიჭერს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„უპირველესად, მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის – სალომეს ზურაბიშვილის, იმ ნდობისთვის, რაც მან გამომიცხადა. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ეკონომიკური სექტორის დეტალური ცოდნა, პროექტები, რომლებიც ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან ერთად განვახორციელეთ, მომცემს საშუალებას, ჩემი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის საქმიანობაში. ვფიქრობ, დღეს არის საკმაოდ რთული პერიოდი მსოფლიოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეროვნული ბანკის წინაშე დგას ახალი გამოწვევები. ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც დღეს ვხედავთ, და ამას ეროვნული ბანკიც ეთანხმება, არის ინფლაცია და გლობალური პრობლემა, რომელიც ყველა ქვეყანას, ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყნებს დაუდგა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის გამკაცრებული ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა არის სწორედ ის, რაც პასუხობს ინფლაციას.

„შესაბამისად, ეკონომიკის თანდათან გაჯანსაღების ფონზე დარწმუნებული ვართ, რომ ამ გამოწვევასაც ეტაპობრივად გადავლახავთ. სწორედ ამ გამოწვევებით სავსე, მაგრამ საინტერესო დროს მინდა, რომ აღმოვჩნდე ეროვნული ბანკის საბჭოში და საკუთარი წვლილი, საკუთარი სარგებელი მოვუტანო ჩვენს ქვეყანას. მე წარდგენილი ვარ როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ფორმატში, ამ სტატუსში შევუერთდე ეროვნულ ბანკს. ეროვნულ ბანკს ჰყავს პროფესიონალი პრეზიდენტი. ჩემთვის დიდი პატივი და ერთი სიამოვნებაა, ვიმუშაო პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მაისის ბოლოს წარადგინა. საკითხი განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცათ.