ნათია თურნავა - პასუხისმგებლობას თუ ვიღებთ და ვეხმარებით ბიზნესებს ამ რთულ ვითარებაში, მათი მხრიდანაც ველოდებით ადეკვატურ მიდგომას
ნათია თურნავა - პასუხისმგებლობას თუ ვიღებთ და ვეხმარებით ბიზნესებს ამ რთულ ვითარებაში, მათი მხრიდანაც ველოდებით ადეკვატურ მიდგომას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სრულიად სამართლიანია, გამკაცრდეს მოთხოვნა ყველა იმ ობიექტისა და ბიზნესის მიმართ, ვინც მიზანმიმართულად დაარღვევს ეპიდემიოლოგებისა და კანონმდებლობით დაწესებულ აუცილებელ წესებს.

„ამ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას არა მხოლოდ დაჯარიმების, იცით, რომ გარკვეულ კატეგორიებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დგება, არამედ სრულიად სამართლიანია, სახელმწიფომ გადახედოს ამ ობიექტების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობასაც, რადგან ყველა პროგრამა, რასაც ახლა ვახმოვანებთ – ეს არის სოლიდური თანხა, რომელიც მიდის ჩვენი ბიუჯეტიდან, ესაა მოსახლეობის თანხა.

რა თქმა უნდა, ჩვენ თუ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ვეხმარებით ბიზნესებს ამ რთულ ვითარებაში, რათა პანდემიის, შეზღუდვების გამო დაზარალებულ ბიზნესებს შევუმსუბუქოთ ყოფა, მათი მხრიდანაც ველოდებით ადეკვატურ, პასუხისმგებლიან მიდგომას, ძალიან პასუხისმგებლიან მიდგომას, რადგან ერთობლიობაში ვქმნით იმ დადებით ფონს, რაც გვეხმარება პანდემიასთან ბრძოლაში.

აქედან გამომდინარე, ეს სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილებაა. არ მინდა, მიჩნეული იყოს, რომ რესტორნების წინააღდეგ არის მიმართული, რადგან ეს შეეხება ყველა ბიზნესს, ვისზეც არის დაწესებული მოთხოვნები და ვინც სარგებლობს სხვადასხვა პროგრამით. აქედან გამომდინარე ეს უნდა იყოს ორმხრივი პასუხისმგებლობა, აი ამაზე არის საუბარი – გამგები გაიგებს“, – აღნიშნა თურნავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთის 80 პროცენტის სუბსიდირება შეეხება რესტორნებს, ასევე სპორტის ინდუსტრიას, სპორტის ობიექტებსა და კერძო საბავშვო ბაღებს.

ამასთან, გახარიამ აღნიშნა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი წესების მიზანმიმართულად დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციები სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.