კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი წესების მიზანმიმართულად დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციები სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი წესების მიზანმიმართულად დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციები სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ

კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ მოქმედი წესების მიზანმიმართულად დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოსგან სუბსიდირებას, ასევე სამომავლოდ ვერ მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება ზრდის არა მხოლოდ თითოეული მოქალაქის, არამედ ბიზნესის, კონკრეტული კომპანიებისა და ყველა სახის ორგანიზაციის პასუხისმგებლობას.

„ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, ჩვენ წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ. ამიტომ, ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის შესახებ იმისა, რომ როდესაც, მაგალითად, პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდეს. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რადგან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ ვერაფერი უფრო ეფექტური პანდემიის წინააღმდეგ, ვიდრე პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდგომ უკვე ვაქცინაცია ვერ მოიგონა. ამიტომ ჩვენ ყველფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს წესები დავიცვათ ეფექტურად. ეს ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დაცვის ინტერესშია. ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ წესების ნებისმიერ მიზანმიმართულ დარღვევას, გარდა იმისა, რომ როგორც შედეგი, მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და იმ დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით. და გარდა ამისა, ვეღარ მიიღებენ მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ეს არის სრულიად სამართლიანი და ვფიქრობ, რომ ეს არის ის ნაბიჯი, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.