ნათია თურნავა - ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი უანგაროდ ეხმარებიან საქართველოს და არაფერია გასაკვირი, რომ გლობალურ პრობლემებსაც დაუთმონ ყურადღება
ნათია თურნავა - ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი უანგაროდ ეხმარებიან საქართველოს და არაფერია გასაკვირი, რომ გლობალურ პრობლემებსაც დაუთმონ ყურადღება

ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უანგაროდ ეხმარებიან საქართველოს და არაფერია გასაკვირი, რომ გლობალურ პრობლემებსაც დაუთმონ ყურადღება, – ასე გამოეხმაურა ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

„ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები არიან ცნობილი მეცენატები. ბიძინა ივანიშვილს უშუალოდ საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია და აკეთებს. მილიარდები იხარჯება მისი მხრიდან იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომ აღდგეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, განვითარდეს ზოგადად საქართველოს ეკონომიკა. ეს არის უანგარო დახმარება. ის არის გლობალური მასშტაბის მეცენატი და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ყურადღებას უთმობს არა მხოლოდ საქართველოს განვითარებას, არამედ ისეთ გლობალურ პრობლემებს, როგორიც არის კლიმატური ცვლილებები. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სამყაროში და ყველაფერი მოქმედებს საქართველოზეც. ეკოლოგიური გამოწვევები ერთ-ერთი დიდი საფრთხეა, რომელზეც ყველამ უნდა იზრუნოს“, – აცხადებს ნათია თურნავა.

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელი მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.