ნათია თურნავა - არც ერთ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს არ აქვს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი მხარდაჭერა, როგორც ანაკლიის პორტს
ნათია თურნავა - არც ერთ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს არ აქვს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი მხარდაჭერა, როგორც ანაკლიის პორტს

ანაკლიის პროექტი განწირულია წარმატებისთვის, ერთი რამ გვაკლია, რომ ინვესტორმა შეასრულოს თავისი ვალდებულება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა, რომელიც წინანდალში მიმდინარეობს.

მისი თქმით, ანაკლიის პორტს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოს მხრიდან, არც ერთ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს არ აქვს ასეთი მხარდაჭერა.

„ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ 300 მილიონზე მეტი ჩავდოთ ინფრასტრუქტურაში – გზებში, რკინიგზაში. ჩვენი კეთილი ნებაა და მიწის გამოსყიდვაში დაიხარჯა 70 მილიონ ლარზე მეტი. ჩვენი დავალებით საპარტნიორო ფონდის მონაწილეობაა საკმაოდ სოლიდური, საუბარია 100 მილიონ დოლარზე მეტის თანამონაწილეობაზე. ასეთ პირობებში ეს პროექტი განწირულია წარმატებისთვის. ერთი რამ გვაკლია, რომ კერძო ინვესტორმა შეასრულოს თავისი ვალდებულება. თუმცა ვფიქრობთ, ასეთ პირობებში ეს ძალიან მარტივია და ეს ასე უნდა მოხდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

წინანდალში, სასტუმროში „რედისონ კოლექშენ” კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი იმართება, რომელშიც 20-ზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.