მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვწამს, რომ ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს
მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვწამს, რომ ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს

ჩვენ გვწამს, რომ ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კახეთში, საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ​ეკონომიკურ პოლიტიკაში განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება ინკლუზიურ ზრდას, ისეთი ტიპის ზრდას, რომელიც შეეხება თითოეულ საქართველოს მოქალაქეს.

„სამწუხაროდ წლების განმავლობაში გატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დაგვიტოვა და ამ ყველაფერს სჭირდება მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ეს შევცვალოთ და ქართული ეკონომიკა გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ინკლუზიური. ამ შემთხვევაში რეგიონულ განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული როლი. კახეთის რეგიონისთვის განსაკუთრებული იყო 2018 წელი, რთველი, რომელიც ჩავატარეთ, ყველაზე წარმატებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს ნიშნავს, რომ ბოლო წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა ჩვენ მოგვცა უკვე კონკრეტული შედეგი, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ იმ ნიშნულიდან, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, კახეთის რეგიონში ეკონომიკური პოტენციალის 25%-ია მხოლოდ გამოყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში არის ეკონომიკის განვითარების ძალიან დიდი რესურსი.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს დარბაზში ვხედავ ჩვენ მეწარმეებს, მიხარია, რომ ვხედავ უცხოელ მეწარმეებსაც, რომლებსაც აქვთ სურვილი საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები და სწორედ მსგავსი ფორმატები უზრუნველყოფს, რომ თქვენ თქვენი თვალით ნახოთ საქართველოს ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი. ჩვენ მსგავს ფორუმებს საქართველოს ყველა რეგიონში ჩავატარებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, კახეთი საქართველოს ულამაზესი კუთხეა, თავისი უდიდესი ისტორიით, ტრადიციებით, ის არის აკვანი მეღვინეობის და უნიკალური წვლილი აქვს შეტანილი ქართულ კულტურაში.

„მეღვინეობა აქტიურად ვითარდება კახეთში, თუმცაღა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ გვაქვს კიდევ მნიშვნელოვანი პოტენციალი განვითარებისთვის. განსაკუთრებით მიხარია, რომ ხდება ბაზრების დივერსიფიკაცია. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა, საქართველოში მეღვინეობა და ამ შემთხვევაში კახეთში არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ერთ, მსხვილ ბაზარზე. კარგია, რომ დივერსიფილაციის პოლიტიკა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ ნაწილში ვფიქრობთ, მეტი გვაქვს გასაკეთებელი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს კონკრეტული დავალება ამ საკითხზე. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში კაკლოვანი კულტურების პოპულარიზაცია მოხდა კახეთში. კაკლოვანი კულტურების განვითარება აქტუალურია არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოსთვის, არამედ აღმოსავლეთ საქართველოსთვისაც და კახეთში ამ კუთხით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა, რომელსაც მივესალმები. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის კულტურები, რომლებიც შეიძლება, ვიღაცას ეგზოტიკად მოეჩვენოს, მაგრამ გარწმუნებთ, საქართველოს და ამ შემთხვევაში კახეთის რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი. მაგალითად მე შემიძლია, ზეთის ხილის გაშენება მოგიყვანით, რომელიც ძალიან მზარდი პროდუქტია მსოფლიოს ბაზარზე. საქართველოსა და, ამ შემთხვევაში კახეთს აქვს უნიკალური შესაძლებლობა ამ თვალსაზრისითაც დავიმკვიდროთ ჩვენ მსოფლიო ბაზარზე ადგილი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.