ნათია მიქელაძე - გაერთიანებული სამინისტროები კიდევ უფრო გაძლიერდება
ნათია მიქელაძე - გაერთიანებული სამინისტროები კიდევ უფრო გაძლიერდება

განათლების სამინისტროს სპორტის და კულტურის სამინისტრო მიუერთდება, ჩემთვის არ არის ცნობილი ამ თემასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების შესახებ, – აღნიშნული განმარტება მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. მარიამ ჯაშის განცხადებით, მისი სურვილია, კულტურის სამინისტრო ცალკე უწყებად დარჩეს და ამ თემაზე, კონსულტაციები პრემიერთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან იმართება.

ნათია მიქელაძის თქმით, სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა იწყება. უწყებები კი, შერწყმის შემდეგ უფრო გაძლიერდება.

„განათლების სამინისტროს სპორტის და კულტურის სამინისტრო მიუერთდება. ჩემთვის არ არის ცნობილი ამ თემასთან დაკავშირებით დამატებით კონსულტაციები რომ უნდა გაიმართოს. ჩვენი მიზანია, რომ სამინისტროების გაერთიანების კუთხით მოხდეს ადამიანური რესურსების მხრივ გაძლიერება. რაც შეეხება კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე სამინისტროს პრიორიტეტი იქნება დაკარგული, ვფიქრობთ, პირიქით, კიდევ უფრო გაძლიერდება გაერთიანებული სამინისტროები“, – განაცხადა მიქელაძემ.

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების თანახმად, რომელსაც დღეს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება. მარიამ ჯაშმა გუშინ აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების გამართვა მოითხოვა. მისი მოსაზრებით, უმჯობესია, კულტურა, სპორტი და ტურიზმი ცალკე უწყებად დარჩეს.