მარიამ ჯაში - მხარდამჭერი ვიქნებოდი, რომ კულტურა, სპორტი და ტურიზმი ცალკე უწყებად დარჩეს, თუნდაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფორმით
მარიამ ჯაში - მხარდამჭერი ვიქნებოდი, რომ კულტურა, სპორტი და ტურიზმი ცალკე უწყებად დარჩეს, თუნდაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფორმით

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების გამართვას ითხოვს.

როგორც ჟურნალისტებს ჯაშმა განუცხადა, კონსულტაციები უმრავლესობის ფორმატში იქნება, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან.

„კომიტეტის ფარგლებში ცვლილებებზე მსჯელობას ხვალ დავიწყებთ. აბსოლუტურად ვიზიარებ მოსაზრებას, რომ განათლების სისტემაში სახელოვნებო და სპორტული კომპონენტი უნდა გაძლიერდეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქოლგის ქვეშ ყველა სასწავლო დაწესებულება უნდა მოექცეს, მათ შორის თეატრალური, აკადემია, კონსერვატორია, ასევე სახელოვნებო და სპორტული კოლეჯები. თუმცა შერწყმასთან დაკავშირებით დამატებითი განხილვა გვჭირდება, რადგან ვფიქრობ,  კულტურული მემკვიდრეობის, შემოქმედებითი კავშირების, სპორტული ფედერაციების მართვის თვალსაზრისით, საკითხები რჩება, რომელთა მართვაც პირველივე ეტაპზე სრული შერწყმით რთული იქნება. ეს არის საკითხი, რომელსაც განვიხილავთ“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე თქმით, სახელოვნებო და სპორტული განათლება მთლიანად უნდა იყოს მართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, რადგან ეს ბევრად უფრო გაამარტივებს სინქრონიზაციას.

„ამ ეტაპზე აბსოლუტურად მისაღებია და მხარს დავუჭერ ხელოვნებისა და სპორტის განათლების კომპონენტის გაერთიანებას, თუმცა შემოქმედებითი კავშირები, მათ შორის თეატრის, კინოს, სამხატვრო და სხვა მიმართულება დამატებით განხილვას მოითხოვს. დიდი ცივილიზაციის ქვეყნებში კულტურის სამინისტრო რჩება ცალკე, ან ტურიზმთან გაერთიანებული. მე უფრო მეორე მიმართულების მხარდამჭერი ვიქნებოდი, რომ კულტურა, სპორტი და ტურიზმი ცალკე უწყებად დარჩეს, თუნდაც, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფორმით”, – განაცხადა მან.