ნათია მეზვრიშვილი - მანდატურის სამსახურის რეფორმის მიზანი სკოლაში პოლიციის შესვლა არ არის
ნათია მეზვრიშვილი - მანდატურის სამსახურის რეფორმის მიზანი სკოლაში პოლიციის შესვლა არ არის

მანდატურის რეფორმირებისთვის მომზადებული კანონპროექტის მიზანი სკოლაში პოლიციის შესვლა არ არის, – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა კანონპროექტის პრეზენტაციაზე გააკეთა.

მეზვრიშვილის თქმით, მანდატურის სამსახური იმაზე უფრო დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხდება, ვიდრე დღესაა.

“ამ კანონპროექტის მიზანი სკოლაში პოლიციის შესვლა არ არის. არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება, ამას არ დავუშვებთ. ამ კანონპროექტის არც ერთი დებულება ამას არ ითვალისწინებს. გარკვეული შიშები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მანდატურის სამსახური ძველ ფუნქციებს უბრუნდება. მანდატურის სამსახური მის ძველ ფუნქციებს არ უბრუნდება, თუმცა მანდატური იმაზე უფრო დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხდება, ვიდრე დღესაა. მანდატურის სამსახურის უფროსი განათლების მინისტრის მიერ დაინიშნება. მანდატური კი არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ დაინიშნება, რითაც მანდატური მთლიანად დაექვემდებარება და ანგარიშვალდებული მანდატურის სამსახურის წინაშე იქნება“,-განაცხადა მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მანდატურს მოსწავლის შეყოვნების უფლება გონივრული ვადით ექნება. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, მოსწავლის პირადი გასინჯვა ზედაპირული დათვალიერებით იცვლება.

“იმის გათვალისწინებით, რომ ამ კანონპროექტით მანდატურმა გარკვეული უფლებამოსილებები შეიძინა, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ მანდატურები იმაზე მეტად მომზადებული  იყვნენ, როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული გადამზადების თვალსაზრისით, ვიდრე დღეს არიან. თეორიულ კომპონენტთან ერთად, კანონმა ასევე პრაქტიკული კომპონენტი გაითვალისწინა. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ეს გადამზადების წესი განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებებით დამტკიცდება, წესის ერთობლივად დამტკიცების აუცილებლობა სწორედ ამ პრაქტიკული კომპონენტის შემოტანამ განაპირობა. მოსწავლის პირადი გასინჯვა ჩვენ ზედაპირული დათვალიერებით შევცვალეთ, რადგან პირადი გასინჯვა უფრო საპოლიციო ტერმინია. ამასთან, მანდატურს მოსწავლის შეყოვნების უფლება გონივრული ვადით ექნება. კანონპროექტში შეყოვნება არაუმეტეს სამი საათი ჩავწერეთ, თუმცა დისკუსიის შედეგად შეიძლება გადაიხედოს. შეყოვნება უკიდურეს შემთხვევაში გავხადეთ შესაძლებელი. კამერების ნაწილია ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, სკოლების ნაწილში გარე და შიდა პერიმეტრზე სათვალთვალო კამერები უკვე დამონტაჟებულია, თუმცა იქ სადაც შეფერხებით მუშაობს, გადაიხედება”,-განმარტა მეზვრიშვილმა.

მანდატურების სამსახურის რეფორმის კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.