ნათია მეზვრიშვილი - ფოთში დაკავებული პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა
ნათია მეზვრიშვილი - ფოთში დაკავებული პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა

ფოთში დაკავებული პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ფოთში მომხდარ ფაქტზე განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა განაცხადა, პოლიციელი მკურნალობას აგრძელებს. მისივე თქმით, დაკავების 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლებელია, კვალიფიკაცია შეიცვალოს.

„რასაც ქვია განზრახ მკვლელობა, ცალსახად გამორიცხულია. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ ერთი რამ ყურადღება მისაქცევია, რომ პოლიციელი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. გარდაცვლილს სამართალდამცველმა დანაშაულის ჩადენის პროცესში წაასწრო. პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ის ადამიანი ამ ტიპის დანაშაულს ჩადიოდა. როდესაც პოლიციელი შეეცადა დანაშაულის აღკვეთას, ის გახდა თავდასხმის მსხვერპლი. კერძოდ, მან პოლიციელს ბლაგვი საგანი ჩაარტყა, შემდეგ მოხდა გასროლა და დადგა ეს ფატალური შედეგი. პირველადი მონაცემით, როგორც ვიცი, კამერების ჩანაწერი არ იყო, თუმცა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სამართალდამცველი დაკავებულია და იმდენად მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ დღემდე საავადმყოფოში რჩება. კვალიფიკაციას რაც შეეხება, დაკავებიდან ბრალის წარდგენამდე 48-საათიანი ვადა არსებობს, მოხდება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და შესაძლებელია კვალიფიკაციაც შეიცვალოს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობისას დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პროკურატურამ ფაქტზე პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ბრალდებულის სახით გუშინ დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე გამოძიება დაწყებულია 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.