ნათია მეზვრიშვილი - ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა დროულად მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება
ნათია მეზვრიშვილი - ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა დროულად მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება

საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„გუშინ გაიმართა შეხვედრა გიორგი ტატუნაშვილთან. საქრთველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ უმოკლეს ვადაში იქნეს ცხედარი გადმოსვენებული, ამისთვის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 22 თებერვალს უკანონოდ დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, ცხედარი ტატუნაშვილის ოჯახს მას შემდეგ გადაეცემა, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტოერიაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენების მოთხოვნით გუშინ აქცია გამართეს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. 

მოგვიანებით, გარდაცვლილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.

გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ის შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოჯახის წევრები კიდევ ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან ცხედრის გადმოსვენებას და აქციებს შეწყვეტენ.