ნათია მეზვრიშვილი - აქციები თუ კანონის ფარგლებში წარიმართება, არანაირი პრობლემა არ იქნება
ნათია მეზვრიშვილი - აქციები თუ კანონის ფარგლებში წარიმართება, არანაირი პრობლემა არ იქნება

აქციები თუ კანონის ფარგლებში წარიმართება, არანაირი პრობლემა არ იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შსს პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას.

„კანონის ფარგლებში თუ წარიმართება ეს ყველაფერი, არანაირი პრობლემა არ არის. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აწყობს აქციას. პოლიციამ კარგად აჩვენა მთელი წლის განმავლობაში, რომ გამოხატვის თავისუფლებას პატივს ვცემთ“, – განაცხდა მეზვრიშვილმა.

თელავში გუშინ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ გადაკეტილი გზის გახსნას და თელავისკენ გადაადგილებას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ ალტერნატიული გზა ყვარლის გავლით რამდენჯერმე შესთავაზა, რაზეც მომიტინგეებმა უარი განაცხადეს.

სამართალდამცველებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის ავტომობილების გარღვევა, ასევე პოლიციის ავტობუსის გადაბრუნება სცადეს. მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციის ავტობუსს ქვები დაუშინა. ინაუგურაციის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა თბილისში პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც კარვები გაშალეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა პროვოკაციული ქმედება სამართლებრივად იქნება გაანალიზებული.