ნათია დანელია - წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარება ჩემთვის მნიშვნელოვანია #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი და კლუბ „კვარტალის“ მოთამაშე, ნათია დანელია აღიარეს, რომელმაც დასრულებული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და ეროვნულ ნაკრებშიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
ღონისძიებაზე ჯილდო ნათიას ოჯახის კიდევ ერთმა წევრმა მიიღო – თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის მიერ დაწესებული ოქროს მედლის მფლობელი 17-წლამდელ ფეხბურთელთა შორის ნათიას ძმა, რეზი დანელია გახდა.
„ეს ჯილდო ჩემთვის მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა მომცა და ღირსად ჩამთვალა, რომ ეს ტიტული მიმეღო. ასევე ჩემს ოჯახს, ჩემს კლუბ „კვარტალსა“ და მწვრთნელს, ნიკა ჯღარკავას. ვფიქრობ, იმ ფეხბურთელების გარეშე, რომელთა გვერდითაც წელს ვითამაშე, ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი.
ჩემთვის მთავარი ყოველთვის ეროვნული გუნდის მაისურის ტარებაა. ზუსტად ამიტომ არის 2023 წელი დაუვიწყარი. ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ძლიერდება, ვითარდება და მიხარია, რომ ამ პროცესის მონაწილე ვარ. ყველაფერს გავაკეთებ, ნაკრებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.
რაც შეეხება ჩემს ძმასთან ერთად მოპოვებულ ჯილდოებს – 2023 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ოჯახისთვის, რომელიც ძალიან ბედნიერია. ჩემს ძმას მინდა 17-წლამდელებში ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ოქროს მედლის მოპოვება მივულოცო. პირობას გაძლევთ, რომ რეზი არ გაჩერდება და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს“, – ამბობს ნათია დანელია.