ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში ცვლილების საჭიროება არ არის
ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში ცვლილების საჭიროება არ არის

ბათუმის ბიუჯეტი 195-გვერდიანი, საკმაოდ დიდი მოცულობის დოკუმენტია, მესმის, მის გაცნობას დრო სჭირდება, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებ, წაიკითხონ და დარწმუნდებიან, რომ ამ ეტაპზე არანაირი ცვლილების საჭიროება არ დგას, – ასე უპასუხა ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნატალია ზოიძემ ოპოზიციონერი კოლეგების დღევანდელ მოთხოვნას.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციამ მოითხოვა, მათი შეფასებით აუცილებლობიდან გამომდინარე, ბათუმის საკრებულოში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ოპოზიციის წევრებიც იქნებიან და ბათუმის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმუშავებენ.

ნატალია ზოიძე ამბობს, რომ რეგლამენტის მიხედვით, სამუშაო ჯგუფი საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით უნდა შეიქმნას, ბათუმის საკრებულოში კი, სადაც არც ერთი თანამდებობა გადანაწილებული არ არის, ვინაიდან არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰყავს უმრავლესობა, მსგავს საკითხებზე საუბარი არასერიოზულია.

„მათ დემარშით დატოვეს ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ მოწვეული სხდომა, ამ საკრებულოში არ არის გადანაწილებული არც ერთი თანამდებობა. ჯერ საერთოდ ბიუჯეტის მიღების აქტის გაუქმებას ითხოვდნენ, ახლა – ცვლილებებს. სჯობს, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. ძველმა საკრებულომ სწორედ მოვლენების ამგვარი განვითარების მოლოდინის გამო დაამტკიცა ბიუჯეტი, რათა ხელი არ შეშლოდა ქალაქის ეკონომიკას, სოციალურ საკითხებს და ამ ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველაფერი ავარიული სახლებიდან დაწყებული, მცირე სოციალური პრობლემებით დამთავრებული. ამიტომ შეეშვან სატელევიზიო შოუების დადგმას“, – განაცხადა ნატალია ზოიძემ.