ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები საკრებულოს სხდომის მოწვევას კვლავ ითხოვენ
ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები საკრებულოს სხდომის მოწვევას კვლავ ითხოვენ

ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია საკრებულოს სხდომის მოწვევას კვლავ ითხოვს.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ქალაქის ბიუჯეტში აუცილებელი გახდა ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით და ისინი მზად არიან, ამ ცვლილებების განხილვაში მონაწილეობა მიიღონ.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქალაქის მერთან შეხვედრას ცდილობდნენ, თუმცა მათი განცხადებით, მერი შვებულებაშია.

„ჩვენი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, შეკრებილიყო ბათუმის საკრებულო და გვემსჯელა კორუფციული ბიუჯეტის გაუქმებაზე, მიგვეღო ქალაქის ინტერესებზე მორგებული ბიუჯეტი, „ქართული ოცნება“ გაუჯიუტდა საკუთარ თანაქალაქელებს, სხდომებზე არ მოდიან და ხელისუფლებაში მყოფი პარტია იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში.

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიან პოლიტიკური ძალას, მიგვაჩნია, რომ ქალაქს სჭირდება თავის ინტერესებზე მორგებული ბიუჯეტი, რომ ისედაც გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეებისთვის მინიმალური პრობლემები გადაიჭრას. შესაბამისად, ვინაიდან „ოცნება“ ამას არ აპირებს, ჩვენ გვინდა, ჩვენს თანაქალაქელებს და ბათუმის მერს ვუთხრათ ავარიულ სახლებთან და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ქალაქ ბათუმის მერმა მოიწვიოს საკრებულოს სხდომა და წარმოადგინოს ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც ჩვენი პარტია დაუჭერს მხარს, რადგან ეს სჭირდება ბათუმელებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლაშა კილაბერიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცვლილებების პროექტს მხარს დაუჭერენ იმ პირობით, თუ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლებიც შევლენ.