ნატალია საბანაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს
ნატალია საბანაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალია საბანაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს.

ნატალია საბანაძე იმედოვნებს, რომ ბელგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, გაღრმავებას და მომავალი გეგმებიც დაისახება.

„დღეს ორი მნიშვნელოვანი შეხვედრაა. პირველი ევროკავშირის პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, რომელიც დაგეგმილი იყო. ეს ხდება, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების ფონზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ამიტომ ყველას დიდი ინტერესი აქვს ამ შეხვედრის მიმართ. გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება, მაგრამ შეხვედრის შესახებ შეთანხმება ფაქტობრივად უკვე თბილისში გაკეთდა, როდესაც მიშელმა უთხრა, რომ გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს ბრიუსელში, ეს არის ამის გაგრძელება.

მეორე შეხვედრა უკვე იქნება ბელგიის პრემიერ-მინისტრთან, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ხანია, არ ჰქონია უმაღლესი დონის შეხვედრა ბელგიის მთავრობის წარმომადგენელთან. შედარებით ახალი პრემიერ-მინისტრია და პირადად მე,  დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, გაღრმავებას და მომავალი გეგმებიც დაისახება“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე – ნატო-ში.

პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართავს.