ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე – ნატო-ში.

პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართავს.

16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

17 მარტს მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატოში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ბრიუსელში გაემგზავრა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.

დატოვე კომენტარი