ნასას ხელმძღვანელის განცხადებით, პირველი ადამიანი მარსზე, შეიძლება, ქალი იყოს
ნასას ხელმძღვანელის განცხადებით, პირველი ადამიანი მარსზე, შეიძლება, ქალი იყოს

2024 წელს ნასა მთვარეზე ადამიანებს კვლავ გაგზავნის და ერთი იღბლიანი ადამიანი დედამიწაზე დაბრუნებისას ისტორიაში შევა, როგორც პირველი ქალი, რომელმაც მთვარეზე დააბიჯა. ამის შემდეგ, დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს და პირველ ქალს მარსზეც ვიხილავთ, რომელიც წითელ პლანეტაზე შესაძლოა, კაცებზე ადრეც გაემგზავროს. ამის შესახებ ნასას ხელმძღვანელმა ჯიმ ბრაიდენსტაინმა განაცხადა.

„ძალიან გვსურს, რომ პირველი ადამიანი, ვინც მარსზე ფეხს დაადგამს, ქალი იყოს. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი საკვანძო მოვლენა იქნება“, — აღნიშნა ბრაიდენსტაინმა.

ამ ეტაპზე, ნასას მარსზე გამგზავრების კონკრეტული გეგმა არ გააჩნია, რადგან სააგენტოს პრიორიტეტებში პირველი მთვარეა; თუმცა, როგორც ბრაიდენსტაინი აღნიშნავს, პირველი ეკიპაჟი მარსზე სავარაუდოდ 2030-იან წლებში გაიგზავნება. ამავე დროს, მარსის საკოლონიზაციო რაკეტა „სტარშიფზე“ მუშაობს ილონ მასკის კოსმოსური კომპანია „სფეის იქსიც“.

ბრაიდენსტაინის თქმით, მარსზე გასაგზავნი პირველი ქალი ასტრონავტი ამჟამად ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა იქნება და შერჩევის დაწყება ნაადრევია, მაგრამ რაც შეეხება ქალს, რომელიც მთვარეზე გაიგზავნება, ის ნასას ამჟამინდელ აქტიურ ასტრონავტთა შორის შეირჩევა.

დატოვე კომენტარი