ნასამ ნეპტუნის გარშემო ორი მთვარის უცნაური მოძრაობა დააფიქსირა
ნასამ ნეპტუნის გარშემო ორი მთვარის უცნაური მოძრაობა დააფიქსირა

ასტრონომებმა ნეპტუნის ორი მთვარის მოძრაობაში უცნაური მახასიათებლები შენიშნეს. საქმე ეხება მთვარეებს — ნაიადასა და თალასას; ორივე მათგანი სიგანეში დაახლოებით 100 კილომეტრია და როგორც ნასას ატსრონომებმა გაარკვიეს, ისინი პლანეტის გარშემო „შემოვლითი ცეკვით“ მოძრაობენ.

თალასასთან შედარებით, ნაიდას ორბიტა დაახლოებით ხუთი გრადუსით არის დახრილი. ნეპტუნის გარშემო მოძრაობისას, დროის ნახევარს ის თალასას მაღლა ატარებს, ნახევარს კი დაბლა. ასეთ კავშირში მყოფი ორბიტა მეცნიერებს აქამდე არასოდეს უნახავთ.

ნასას ფიზიკოსის, მარინა ბროზოვიჩის განცხადებით, ასეთ განმეორებად მახასიათებელს ისინი რეზონანსს უკავშირებენ. მისი თქმით, არსებობს „ცეკვის“ მრავალი სხვადასხვა ტიპი, რომელსაც პლანეტები, მთვარეები და ასტეროიდები მიჰყვებიან, მაგრამ ასეთი ამ დრომდე შემჩნეული არ ჰქონდათ.

ამ ორი პატარა მთვარის ორბიტა ერთმანეთისგან დაახლოებით 1850 კილომეტრით არის დაშორებული, მაგრამ ისინი დროში ისე ბრწყინვალედ არის გადანაწილებული, რომ ერთმანეთთან შეჯახება გამორიცხულია. ნეპტუნს ნაიადა შვიდ საათში უვლის გარშემო, თალასა კი 7,5 საათში.

თუკი თალასაზე მოხვდებით, დაინახავთ მაღლა-დაბლა მოძრავ ნაიადას; ციკლი ოთხი მოძრაობისგან შედგება. მკვლევართა განცხადებით, ასეთი მანევრი ამ მთვარეებს სტაბილურ ორბიტას უნარჩუნებს.

ყინულის გიგანტი ნეპტუნის გარშემო ნაიადასა და თალასას მოძრაობის გასარკვევად, მკვლევართა ჯგუფმა 1981-2016 წლებში შეგროვებული მონაცემები გამოიყენა; მათ შორის იყო დაკვირვებები დედამიწაზე განთავსებული სხვადასხვა ტელესკოპიდან, ისევე როგორც ხომალდ ვოიაჯერ 2-ისა და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემები.

როგორც ჩვენთვის ამჟამად არის ცნობილი, ნეპტუნს 14 მთვარე ჰყავს. თალასა და ნაიადა შვიდი ე. წ. შიდა მთვარის ჯგუფში შედის. ეს მთვარეები ნეპტუნის სუსტი რგოლების შიგნით არის მოქცეული.

მკვლევართა განცხადებით, ნეპტუნის უდიდესი მთვარე ტრიტონი პლანეტამ თავის დროზე გრავიტაციით ჩაიჭირა, რაც კარგად ხსნის ნაიადასა და თალასას წარმომავლობის ამბავსაც. ასევე მიუთითებს იმასაც, რატომ მოძრაობენ დედაპლანეტის გარშემო ისინი ასე უცნაურად.

ჯგუფის ვარაუდით, შიდა მთვარეები წარმოადგენს ტრიტონის ნარჩენებს; ნაიადას ორბიტა კი სხვა ახლომდებარე მთვარეებთან ურთიერთქმედების შედეგად უნდა დახრილიყო.

გარდა ნაიადასა და თალასას ორბიტების დადგენისა, ამ კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა პირველი ნაბიჯები გადადგეს ნეპტუნის შიდა მთვარეების შემადგენლობის გასარკვევადაც. როგორც ჩანს, ეს ობიექტები რაღაც წყლის ყინულის მსგავსისგან შედგება.

პლანეტური მეცნიერის, მარკ შოუალტერის განცხადებით, ნაიადა და თალასა ერთმანეთთან ასეთ კონფიგურაციაში ჩაჭედილი ძალიან დიდხანს დარჩებიან, რადგან მათი ორბიტები ასე გაცილებით სტაბილურია. სწორედ ასეთი ურთიერთქმედების გამო, ისინი არასოდეს მივლენ ერთმანეთთან ზედმეტად ახლოს.

კვლევა ჟურნალ Icarus-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი