NASA მთვარეზე 50 წლის წინ აღებულ და დალუქულ ნიმუშებს ხსნის — #1tvმეცნიერება
NASA მთვარეზე 50 წლის წინ აღებულ და დალუქულ ნიმუშებს ხსნის — #1tvმეცნიერება

აპოლოს მთვარის მისიებმა დედამიწაზე ჯამში ქანების 2196 ნიმუში ჩამოიტანა. 50 წლის წინ შეგროვებული ნიმუშების ბოლო ეგზემპლარების გახსნა NASA-მ მხოლოდ ახლაღა დაიწყო.

მთელი ამ დროის განმავლობაში, მილები, რომლებშიც ნიმუშები ინახება, ისე იყო დალუქული, რომ მათი შესწავლა წლების შემდეგ, უახლესი ტექნოლოგიებით ყოფილიყო შესაძლებელი.

„NASA-მ იცოდა, რომ მეცნიერება და ტექნოლოგიები განვითარდებოდა და მომავალში მეცნიერები ამ ნიმუშების შესწავლას ახალი მეთოდებით შეძლებდნენ, პასუხს გასცემდნენ ახალ კითხვებს“, — ამბობს NASA-ს პლანეტური მეცნიერების განყოფილების დირექტორი ლორი გლეიზი.

ნიმუში, სახელად 73001, ასტრონავტებმა — იუჯინ კერნანმა და ჰარისონ შმიტმა 1972 წლის დეკემბერში შეაგროვეს, აპოლოს პროგრამის ბოლო მისიის, აპოლო 17-ის ფარგლებში.

35 სმ სიგრძის და 4 სმ სიგანის მილით ქანების ნიმუშები მთვარის ტაურუს-ლიტროუს ველზე აიღეს.

მთვარეზე ვაკუუმურად მხოლოდ ორი ნიმუში დალუქეს და ეს პირველია, რომელსაც ახლა გახსნიან. შეიძლება შეიცავდეს აირებს ან აქროლად ნივთიერებებს (წყალი, ნახშირორჟანგი და ა. შ.).

მთავარი მიზანი სწორედ ამ აირების გამოყოფაა, რომლებიც სავარაუდოდ, ნიმუშში ძალიან მცირე ოდენობით არის წარმოდგენილი, რათა სპექტრომეტრიული მეთოდით შეისწავლონ. ბოლო წლებში, ეს ტექნოლოგია დიდად დაიხვეწა.

გარე დამცავი მილს თებერვლის დასაწყისში მოხსნეს. იქ მთვარის რაიმე აირი არ აღმოჩნდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მასში არსებული ნიმუშები საიმედოდ იყო დალუქული.

23 თებერვალს, მეცნიერებმა რამდენიმეკვირიანი პროცესი დაიწყეს, რომელშიც მთავარ მილს გახვრეტენ და მასში არსებულ აირებს შეაგროვებენ.

გაზაფხულზე, ქანების ნიმუშს ფრთხილად გამოიღებენ და დაამსხვრევენ, რათა ის სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფებმა შეისწავლონ.

საინტერესოა ისიც, რომ ნიმუშები მთვარეზე დამეწყრილი ადგილიდან არის აღებული.

„მთვარეზე არ წვიმს და ვერ ვიგებთ, რანაირად უნდა ხდებოდეს იქ მეწყერი“, — ამბობს აპოლოს ერთ-ერთი კურატორი ჯულიან გროსი.

ამ ეტაპზე, კიდევ დალუქული რჩება მთვარის ქანების სამი ნიმუში. მკვლევართა განცხადებით, ისინი დაახლოებით 50 წლის შემდეგ გაიხსნება.

ამასობაში კი, მთვარის შემდეგი მისია გვიახლოვდება — „არტემისი“. მთვარეზე ადამიანების კვლავ გაგზავნას NASA 2025 წელს გეგმავს.

ამ მისიის ფარგლებში შესაძლებელი იქნება დიდი ოდენობით აირის ნიმუშების შეგროვება. ამჟამინდელი ექსპერიმენტი კი კარგი მოსამზადებელი სამუშაოა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.