NASA-მ კოსმოსში მოგზაურობის ახალი მეთოდი გამოიგონა - შორეულ პულსართა სიგნალები ნავიგაციისთვის
NASA-მ კოსმოსში მოგზაურობის ახალი მეთოდი გამოიგონა - შორეულ პულსართა სიგნალები ნავიგაციისთვის

კოსმოსში ნავიგაცია დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენდა მთავარ გამოწვევას კოსმოსური სააგნტოებისთვის, მაგალითად NASA-სთვის. თუმცა, ამ უკანასკნელმა, ახლახან გამოიგონა ავტომატური კოსმოსური ნავიგაციის ახალი ტიპი, რომელიც ადამიანთა მიერ დამზადებულ ხომალდებს მზის სისტემის შორეულ მისადგომებთან და უფრო შორსაც წაიყვანს.

ღრმა კოსმოსში თვალნათელი ორიენტირები არ არსებობს, შესაბამისად, ერთი ადგილი მეორეისგან დიდად არ განსხვავდება. ხომალდის ადგილმდებარეობის თვალყურის დევნება გადამწყვეტია კოსმოსის კვლევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება სხვა პლანეტაზე გაფრენას.

NASA-ს მიერ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ახლახან ჩატარებული ექსპერიმენტის წყალობით, გამოსავალი შეიძლება ბოლოსდაბოლოს ვიპოვოთ. ექსპერიმენტი SEXTANT (The Station Explorer for X-ray Timing and Navigation Technology) სადგურზე შარშან დაიწყო და მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მზის სისტემის ნებისმიერ ადგილას თავის ადგილმდებარეობის დასადგენად, ერთგვარი კოსმოსური GPS-ის სახით იყენებს შორეული პულსარებიდან მომდინარე რენტგენული გამოსხივების პულსებს.

ჩვენი გალაქტიკა სავსეა პულსარებით. ეს გახლავთ უკიდურესად მკვრივი ნეიტრონული ვარსკვლავები, რომლებიც პოლუსებიდან გამოყოფენ რენტგენულ ნაკადებს. ეს ვარსკვლავები ღერძის გარშემო უკუდურესად სწრაფად ბრუნავენ და როდესაც მათი პოლუსები ჩვენკენ აღმოჩნდება მომართული, წამიერად ვხედავთ რენტგენული სინათლის პულსებს. ჩვენი გადმოსახედიდან, პულსარები კოსმოსური შუქურებივითაა, რომლებიც ჩვენკენ გზავნიან წამში ასობით და ათასობით სინათლის ანთებებს.

SEXTANT-ი ისეა დაპროექტებული, რომ დააფიქსიროს ჩვენთან შედარებით ახლომდებარე პულსარების მრავალი რენტგენული სიგნალი და ისინი თავის ადგილმდებარეობის განსასაზღვრად გამოიყენოს. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოძრაობასთან ერთად, პულსართა სიგნალების განრიგი ოდნავ იცვლება, რაც იმაზეა დამოკიდებული, სადგური მათი მიმართულებით მოძრაობს თუ პირიქით.

ნოემბერში, რამდენიმე დღის განმავლობაში, SEXTANT-ი პულსართა სიგნალებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ზუსტი ადგილმდებარეობის დასადგენად იყენებდა 16 კმ-ის ფარგლებში. მონაცემების რამდენიმე საათიანი შეგროვების შემდეგ, ექსპერიმენტმა ამ მიზანს მიაღწია და ზოგიერთ შემთხვევაში, წარმატებით დააფიქსირა სადგური მხოლოდ 4,8 კმ ფარგლებში.

NASA იმედოვნებს, რომ SEXTANT-ის მსგავს ტექნოლოგიებს სამომავლო ხომალდებში გამოიყენებს, განსაკუთრებით იმ ზონდებში, რომლებიც დედამიწას დიდი მანძილით უნდა მოშორდნენ. SEXTANT-ის შემდეგი ვერსიები უფრო ზუსტი იქნება და ალბათ, ხომალდის ადგილმდებარეობის დადგენას 1,6 კმ-ის ფარგლებში შესძლებს.

ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, NASA-ს ხელში აღმოჩნდება მზის სისტემაში ნავიგაციის ახალი, საიმედო მეთოდი.

მომზადებულია nasa.gov-ისა და Popular Mechanics-ის მიხედვით