NASA-მ ჰაბლი ჩართო — მსოფლიოს უმძლავრეს კოსმოსურ ტელესკოპზე ხარვეზი აღმოფხვრილია #1tvმეცნიერება
NASA-მ ჰაბლი ჩართო — მსოფლიოს უმძლავრეს კოსმოსურ ტელესკოპზე ხარვეზი აღმოფხვრილია #1tvმეცნიერება

რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე ძალისხმევის შემდეგ, NASA-მ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ხარვეზი აღმოფხვრა.

კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ჰაბლმა წარმატებით ჩართო აპარატურის სარეზერვო სისტემა, რადგან ძირითადი აპარატურა ერთი თვის წინ გაითიშა. NASA-ს ინჟინრებმა უკვე დაიწყეს მუშაობა, რომ ტელესკოპი სრული დატვირთვით ჩართონ. პროცესს რამდენიმე დღე დასჭირდება.

ჰაბლი მსოფლიოს უმძლავრესი კოსმოსური ტელესკოპია, მაგრამ უკვე საკმაოდ ძველი. დედამიწის ორბიტაზე ის 1990 წელს გაუშვეს. გადაიღო ვარსკვლავთა დაბადებისა და სიკვდილის მომენტები, აღმოაჩინა პლუტონის ახალი მთვარეები, დააკვირდა მზის სისტემაში შემოსულ ორ ვარსკვლავთშორის ობიექტს.

მის მიერ ჩატარებულ დაკვირვებათა საფუძველზე ასტრონომებმა გამოთვალეს სამყაროს გაფართოების მაჩვენებელი და დაინახეს დიდი აფეთქებიდან მალევე წარმოქმნილი გალაქტიკები.

მიუხედავად იმისა, რომ NASA-მ ხარვეზი აღმოფხვრა, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ასაკი ჰაბლს უკვე ხელს უშლის. ტელესკოპი 2009 წლის შემდეგ არ შეკეთებულა, მისი აპარატურის გარკვეული ნაწილი კი 30 წელზე მეტისაა.

ჰაბლის ე. წ. სასარგებლო დატვირთვის კომპიუტერი წარმოადგენს 1980-იანი წლების მოწყობილობას, რომელიც მის სამეცნიერო ინსტრუმენტებს აკონტროლებს და ამოწმებს. 13 ივნისს ეს კომპიუტერი მოულოდნელად გაითიშა. მისი ამუშავება ინჟინრებმა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.

კიდევ უფრო მეტი სადიაგნოსტიკო ტესტირების შემდეგ გაირკვა, რომ სინამდვილეში პრობლემა კომპიუტერში სულაც არ იყო და მისი გათიშვა ხომალდის სხვა აპარატურამ გამოიწვია.

ბოლომდე არაა ცნობილი, აპარატურის რომელი ნაწილი იყო დამნაშავე, მაგრამ ინჟინრებს ეჭვი ენერგიის კონტროლის მოწყობილობაზე (PCU) აქვთ. შესაძლოა, PCU-მ კომპიუტერს არასწორი ძაბვის დენი მიაწოდა.

თუმცა, ასეთი ხარვეზებისთვის NASA მომზადებულია. ჰაბლის თითოეულ მოწყობილობას სარეზერვო ასლი აქვს. შესაბამისად, საჭირო იყო მხოლოდ მისი ჩართვა.

ამის გამოცდილება კი კოსმოსურ სააგენტოს ნამდვილად აქვს. 2008 წელს, კომპიუტერის ხარვეზმა ტელესკოპი გათიშა და ინჟინრებმა მისი სარეზერვო ასლი ჩართეს.

ერთი წლის შემდეგ, ჰაბლთან ასტრონავტები ავიდნენ და ორი გატეხილი ინსტრუმენტი შეაკეთეს. ეს გახლდათ ჰაბლის მეხუთე და საბოლოო შეკეთება, რადგან NASA მასთან ასტრონავტების გაგზავნას აღარ აპირებს.

შეკეთების ნებისმიერი ასეთი მცდელობა დიდ რისკთან არის დაკავშირებული, რადგან შემთხვევით, შეიძლება ყველაფერი გაფუჭდეს.

მხოლოდ გაფუჭებული PCU-ს გადართვა საკმარისი არ იყო. ეს მოწყობილობა მრავალ სხვა კომპონენტთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, საჭირო იყო მათი გადართვაც.

უსაფრთხოების მიზნით, NASA-მ ჩართო სარეზერვო კომპიუტერიც. მას შემდეგ, რაც ის გამართულად ჩაირთო, ინჟინრებმა განაახლეს მისი პროგრამული უზრუნველყოფა.

ამ ეტაპზე, ჰაბლის ჯგუფი სამეცნიერო ინსტრუმენტებს ასწორებს და სრული დატვირთვით ტელესკოპი ალბათ ერთ კვირაში ამუშავდება.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.