ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მთავარი კომპიუტერი გაითიშა — NASA მის ამუშავებას უშედეგოდ ცდილობს #1tvმეცნიერება
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მთავარი კომპიუტერი გაითიშა — NASA მის ამუშავებას უშედეგოდ ცდილობს #1tvმეცნიერება

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი ამჟამად გათიშულია.

13 ივნისს, ჰაბლის მთავარი კომპიუტერი გაითიშა; ინჟინრები მის შეკეთებას და ამუშავებას დედამიწიდან ცდილობენ.

ე. წ. სასარგებლო დატვირთვის კომპიუტერი გადამწყვეტია სამეცნიერო ოპერაციების ჩასატარებლად. ის ჰაბლის „ტვინია“, კოორდინირებას უწევს და აკონტროლებს მის მრავალ ინსტრუმენტს. ასევე მონიტორინგს უწევს ტელესკოპს, რომ ნებისმიერი ხარვეზი დააფიქსიროს.

თავდაპირველად NASA-ს ინჟინრები ვარაუდობდნენ, რომ ტელესკოპის გაჩერების მიზეზი მეხსიერების მოდულის დეგრადირება იყო. უშედეგო აღმოჩნდა კომპიუტერის გადატვირთვის მცდელობა; შესაბამისად, 16 ივნისს, ჰაბლის ოპერაციების ჯგუფი მის სარეზერვო მეხსიერების მოდულზე გადართვას შეეცადა.

ესეც უშედეგო აღმოჩნდა.

„ვერ დასრულდა ბრძანება სარეზერვო მოდულზე გადართვის შესახებ. კიდევ ერთი მცდელობა გვქონდა ორივე მოდულის შესახებ უფრო მეტი სადიაგნოსტიკო ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ უშედეგოდ“, — წერს NASA.

ჰაბლის ასეთი ხარვეზები სულაც არ ყოფილა მოულოდნელი. ეს კოსმოსური ტელესკოპი 1990 წელს გაუშვეს და უკვე 30 წელიწადზე მეტია მუშაობს; მისია რამდენჯერმე გააგრძელეს ბოლო მისია 2009 წელს დაიწყო და მხოლოდ დროის საკითხს წარმოადგენს რაიმე ისეთი ხარვეზი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება.

მაგალითად, 2018 წელს მწყობრიდან გამოვიდა ჰაბლის გიროსკოპი; მაშინ ინჟინრებმა მისი შეკეთება შეძლეს. 2021 წლის დასაწყისში, პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზის გამო ტელესკოპი უსაფრთხი რეჟიმში გადაიყვანეს.

ვინაიდან ჰაბლის მსგავსი ინსტრუმენტები დისტანციურად მუშაობენ და ფიზიკურად ძალიან ძნელად მისაწვდომნი არიან, საიმედოობა გადამწყვეტია.

ამ შემთხვევაში სიტუაცია მთლად უიმედო არ არის. სასარგებლო დატვირთვის კომპიუტერს (NASA Standard Spacecraft Computer-1, იგივე NSSC-1) ოთხი 64-ბიტიანი მეხსიერების მოდული აქვს. ნებისმიერ მოცემულ დროს ის მხოლოდ ერთ მათგანს იყენებს, დანარჩენი სამი კი სარეზერვოა. გარდა ამისა, აქვს მეორე სარეზერვო კომპიუტერიც, რომელიც რაიმე დიდი პრობლემის დროს ირთვება.

„პრობლემის გადაჭრის მიზნით, საოპერაციო ჯგუფი ტესტებს ჩაატარებს და უფრო მეტ ინფორმაციას შეაგროვებს. ხარვეზის აღმოფხვრამდე, სამეცნიერო ინსტრუმენტები უსაფრთხო რეჟიმში დარჩება. თავად ტელესკოპი და სამეცნიერო ინსტრუმენტები ჯანსაღია“, — წერს NASA.

დიდი ალბათობოთ, ჰაბლს სიცოცხლე შეუნარჩუნდება და კვლავ გაგვაქროლებს ვარსკვლავებისკენ. მაგრამ ასე სამუდამოდ ვერ გაგრძელდება; თანდათანობით მისი ნაწილები გაცვდება ან მისი ორბიტა აირევა; ამის შემდეგ, მისი სამშობლოში დაბრუნების დრო დადგება — ინჟინრები ატმოსფეროში შემოიყვანენ, სადაც მისი ცეცხლოვან აღსასრული დადგება.

თუმცა, არ არსებობს ჰაბლის მისიის დასრულების კონკრეტული თარიღი. გვქონდეს იმედი, რომ ის სულ მცირე კიდევ რამდენიმე წელიწადს იქნება მეცნიერების სამსახურში.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.