მსოფლიოს მესამე ჩოგანი ნაომი ოსაკა ამერიკის მოქალაქეობაზე უარის თქმას და მხოლოდ იაპონიის პასპორტის დატოვებას აპირებს, რომ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე მშობლიური ქვეყნის სახელით იასპარეზოს.
„ეს განსაკუთრებული გრძნობაა – იარო წინ ოლიმპიადისკენ იაპონიის სახელით. კიდევ უფრო დიდი ემოცია შეიძლება განიცადო, თუ თამაშობ და იცავ ქვეყნის ღირსებას. ვნერვიულობ მაღალი მოლოდინის გამო, მაგრამ ვითამაშებ საკუთარ სტილში და ვეცდები ოქროს მედლის მოგებას, – განაცხადა ჩოგბურთელმა ტელეარხ NHK-ს ეთერში.
ნაომი ოსაკას მამა ჰაიტელია, დედა – იაპონელი. ოსაკა იაპონიაში დაიბადა, მაგრამ ადრეულ ბავშვობაში მისი ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგდა.
ორმაგ მოქალაქეობაზე უარის პროცედურის დასრულების შემდეგ, ოსაკას იაპონიის სახელით ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ერთ ტურნირში მონაწილეობა დასჭირდება, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მოიპოვოს.