„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესიკ ქათამაძე სოფელ ბუკნარში ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკითხა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესიკ ქათამაძე სოფელ ბუკნარში ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკითხა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესიკ ქათამაძე ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციაში გამოიკითხა.

იგი პოლიციაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც სოფელ ბუკნარში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ის და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველების ინფორმაციით, ის ტერიტორიიდან განარიდეს.

„რეალურად მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოკითხვა უკვე შვიდი საათია. ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას ჩემს მიცემულ ჩვენებაზე, რადგან არ უნდოდათ, რომ დაზიანება, რომელიც ჩიგოგიძემ მომაყენა ყოფილიყო ოქმში აღწერილი. შესაბამისად, დაველოდე ბოლომდე და რაც დააშავა ჩიგოგიძემ ის ყველაფერი აღვწერე ოქმში. რეალურად, პრობლემა ბუკნარში ჩიგოგიძის დამსახურებით წარმოიშვა და მისი პასუხისმგებლობაა. მას მოვთხოვე დღეს, რომ მოეხადა ბუკნარელი მოსახლეობისთვის ბოდიში. ადამიანი, რომელიც კენჭს იყრის, არ უნდა იკადრო უკადრებელი. მისი მეზობელი, ქრისტიანი ეს იქნება თუ მუსლიმი, არ უნდა გადაიკიდო მტრად იმის გამო, რომ შენ მიიღო დამატებით ორი ხმა. ეს იყო ჩემი იქ მისვლის მიზეზი. 2012 წლიდან მოყოლებული „ქართული ოცნება“ ყოველ არჩევნებზე რელიგიური გრძნობებით მანიპულირებს ამომრჩევლებზე, ჰპირდებიან გაუგონარ რაღაცებს, რათა მიიღონ ხმები და შემდეგ ეს ადამიანები შეატოვონ ერთმანეთს, რომ მოხდეს დაპირისპირება. ესეთი ფაქტი იყო ის, რაც განვითარდა სოფელ ბუკნარში“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბესიკ ქათამაძემ.

მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე სიცრუეს და პროვოკაციას უწოდებს ქათამაძის ბრალდებებს და აცხადებს, რომ ბუკნარელი მოსახლეობისათვის მეჩეთის მშენებლობის შესახებ დაპირება არ მიუცია.