„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესიკ ქათამაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან გამთენიისას ჰქონდა კომუნიკაცია და ნამდვილად საქართველოში იმყოფება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესიკ ქათამაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან გამთენიისას ჰქონდა კომუნიკაცია და ნამდვილად საქართველოში იმყოფება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესიკ ქათამაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა და ის ნამდვილად საქართველოში იმყოფება.

თუმცა, ქათამაძე არ ასახელებს, რა ფორმით ჰქონდა სააკაშვილთან კომუნიკაცია.

„ქართული ოცნების“ აგონიის მესმის, მიშა არის საქართველოში, ნამდვილად მქონდა კომუნიკაცია, ვერ დავასახელებ დროს და ადილს, თუ როგორ და რა ფორმით, კონკრეტულად ვამბობ, რომ მე მქონდა მასთან კომუნიკაცია და ის ნამდვილად არის საქართველოში. მიშას არ გადაუღია არც ლეოგრანდის შენობა, არც ბათუმის ახალი ბულვარი სადმე სხვა ქვეყანაში და იქიდან არ ყოფილა ჩართვა. დღეს გამთენიისას ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და მინდა, ჩვენს ყველა მომხრეს ვუთხრა, რომ სააკაშვილი არის საქართველოში, ის იბრძოლებს და მან შეასრულა დანაპირები, ის არის სიტყვის კაცი და მიშა არის საქართველოში. ჯერი არის ჩვენზე, ქართველ ხალხზე, ადამიანებზე, რომლებიც ვართ საარჩევნო პროცესში ჩართული, ეს არჩევნები უნდა მივიყვანოთ მშვიდად, წყნარად ყოველგვარი ექსცესების გარეშე იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ დამარცხება“, – განაცხადა ბესიკ ქათამაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ყველა გეგმაზე ისაუბრეს თავისი „ფეისბუქ“ გვერდიდან, გააკეთებს ვიდეომიმართვებს.

რაც შეეხება კითხვას, „როცა თქვენ ესაუბრეთ, სად იყო ის კონკრეტულად?“, – ქათამაძე პასუხობს, რომ ადგილმდებაროებას ვერ დაასახელებს.

„ნამდვილად მქონდა კომუნიკაცია და დაზუსტებით, 100 პროცენტით შემიძლია, გითხრათ, რომ ის არის საქართველოში“, – აღნიშნა ბესიკ ქათამაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა მორიგი ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.