„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების საფუძველზე პროკურატურაში კობა ნაყოფიასთან გასაუბრების პროცედურა მიმდინარეობს
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების საფუძველზე პროკურატურაში კობა ნაყოფიასთან გასაუბრების პროცედურა მიმდინარეობს

თბილისის პროკურატურაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელ მდივანთან, კობა ნაყოფიასთან გასაუბრების პროცედურა მიმდინარეობს. საქმე ეხება პარტიის იურისტების მიერ უწყებაში შეტანილ განცხადებას. კერძოდ, 23 თებერვალს ნიკა მელიას დაკავებისას სამართალდამცველების მიერ ოფისიდან კომპიუტერული ტექნიკისა და მასალის წაღებას, ასევე ინვენტარის დაზიანებას.

კობა ნაყოფიას განცხადებით, მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ პროკურატურა ამ საქმეს გამოიძიებს.

„საზოგადოებამ დაინახა ეს ვანდალიზმი რაც განხორციელდა სამართალდამცველების მხრიდან 23 თებერვალს, როდესაც შტურმით იღებდნენ მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისს. ოფისის ე.წ. აღების პროცესში დაზიანდა ინვენტარი. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მოიპარეს სერვერები და ვიდეოჩაწერების ბლოკი. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, რომ დაიწყოს დაუყოვნებლივი გამოძიება ამ ფაქტზე. ამის შემდეგ დაგვიკავშირდნენ პროკურატურიდან. გვითხრეს, რომ უნდათ დამატებითი ინფორმაციის მიწოდების კუთხით ჩვენთან გასაუბრება. ჩვენ მზად ვართ, მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს განცხადებაში ამომწურავად არის აღწერილი და ვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს ვანდალიზმი.

მოპარული სერვერები უნდა დაბრუნდეს და თვითონ დაგვიბრუნონ. მზად ვართ, მოგვიტანონ ოფისში. ერთი იყო გარეკამერების ჩაწერის ბლოკი, რომელიც წაიღეს. ალბათ აინტერესებდათ, ვინ მოდიოდა ოფისში და ასე შემდეგ. თუმცა ამის არანაირი კანონიერი საფუძველი არ გააჩნდათ. ჩვეულებრივად დაიტაცეს, მოიპარეს და წაიღეს. მეორე იყო სერვერები, შიდაპარტიული მიმოწერები და ასე შემდეგ. ზარალი დასათვლელია, თუმცა თვით ფაქტი, ოფისის დარბევის და ამ ფორმით რაც ჩაიდინეს, სერვერების გატაცება, ბევრად მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ პროკურატურა ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ყველანაირი ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს და შეეძლოთ, დიდი ხნის წინ დაეწყოთ. მოლოდინი არ მაქვს. ამას ისევე ჩაფარცხავენ, როგორც ბევრ საქმეს, რომელიც ხელისუფლებას არ აწყობს. ძალიან მალე ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, ამ ქვეყანაში პროკურატურა აუცილებლად იქნება დამოუკიდებელი და დამოუკიდებელი პროკურატურა ამას გამოიძიებს, დამოუკიდებელი სასამართლო გამოიტანს სამართლიან განაჩენს ამ ფაქტთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, 23 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებისას, შსს-ს წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან სერვერები ამოიღეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, არსებობდა საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. მათივე ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლომ კანონიერად ცნო.

ამასთან, შსს-მ 27 თებერვალს განცხადება გაავრცელა. შსს-ს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ გამოძიების ფარგლებში, 23 თებერვალს პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს.