შსს - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ვაცნობეთ, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან 23 თებერვალს ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს
შსს - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ვაცნობეთ, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან 23 თებერვალს ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ გამოძიების ფარგლებში, 23 თებერვალს პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც შსს-ს ცნობით, მათ უარი განაცხადეს.

აღნიშნულის შესახებ საუბარია შსს-ს განცხადებაში.

„2021 წლის 23 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისიდან სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობები ამოიღეს და დალუქეს, რადგან არსებობდა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლომ კანონიერად სცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებული ტექნიკური საშუალებები გადაეცემა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 23 თებერვალს პარტიის ცენტრალურ ოფისში დააკავეს. როგორც შსს-ში განაცხადეს,  მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შსს-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან სერვერები ამოიღო.