„ნაციონალური მოძრაობა“ - მოვუწოდებთ შსს-ს, უზრუნველყოს შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება
„ნაციონალური მოძრაობა“ - მოვუწოდებთ შსს-ს, უზრუნველყოს შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს, უზრუნველყონ შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს გავრცელებულ განცხადებაში არასწორად არის განმარტებული საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, რაც, „ნაციონალური მოძრაობის“ თქმით, მიმართულია დაანონსებული აქციის ხელშესაშლელად და წარმოადგენს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებას.

პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება.

„2021 წლის 14 ნოემბერს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 15 ნოემბერს გაიმართებოდა მსვლელობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარ განაცხადა, რომ მსვლელობის მონაწილეები არღვევენ საქართველოს კანონს და კონსტიტუციას. აღნიშნული განცხადებაში არასწორად არის განმარტებული საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, რაც მიმართულია დაანონსებული აქციის ხელშესაშლელად და წარმოადგენს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებას.

საქართველოს კონსტიტუციიის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია შეკრების თავისუფლება, „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება“.

ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება არა მხოლოდ დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, არამედ განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, პირთა მიერ ხსენებული უფლების ეფექტიანი რეალიზების უზრუნველსაყოფად.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საჯარო განცხადებით წინასწარ იქნა გაფრთხილებული ყველა შესაბამისი ორგანო, რომ ზემო ხსენებული მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართებოდა შეზღუდული დროის მონაკვეთში, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე.

წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის არსებობის ერთადერთი მიზანია სახელმწიფო ორგანოებისათვის შესაძლებლობის მიცემა, მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს შეკრებისა ან/და მანიფესტაციის უფლების განხორციელება.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს, უზრუნველყონ შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, პარტიის ორგანიზებით დღეს მოქალაქეები მეტრო „ავლაბართან“ შეიკრიბებიან და მსვლელობით თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზას გადაკეტავენ.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. უწყების ცნობით, ამავე კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით ან/და საგნებით გადაკეტვა.