„ნაციონალური მოძრაობა“ ერთთვიანი ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის გაცემას აპროტესტებს და რამდენიმე მოთხოვნას აყენებს
„ნაციონალური მოძრაობა“ ერთთვიანი ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის გაცემას აპროტესტებს და რამდენიმე მოთხოვნას აყენებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს, რომლებიც აღმსარებლობიდან გამომდინარე უარს ამბობენ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე, ერთთვიან, ე.წ. ლამინირებულ პირადობებს შესთავაზებენ.

პარტიაში საარჩევნო წელს მიღებულ ამ გადაწყვეტილებას არჩევნების გაყალებების მცდელობად აფასებენ.

თინა ბოკუჩავა იუსტიციის მინისტრს მის მიერ გასული წლის მარტში გაკეთებულ განცხადებას ახსენებს, სადაც, ბოკუჩავას განმარტებით, წულუკიანი ამბობს, რომ ქაღალდის, ე.წ. ლამინირებულ პირადობის მოწმობებს სანდოობის დაბალი გარანტი აქვს და მარტივი გასაყალბებელია.

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ არ დაუშვას აღნიშნული მოწმობის საფუძველზე ხმის მიცემის უფლება და, ასევე, მოითხოვენ, ხელისუფლებამ დაუშვას წვდომა საარჩევნო სიის ფორმირებაზე ისე, როგორც ეს მოხდა 2012 წელს.

თინა ბოკუჩავას განმარტებით, საარჩევნო სიის გადამოწმების კომისიას იმ დროისთვის ოპოზიციური პარტიები ხელმძღვანელობდნენ.

„ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში ქალბატონმა წულუკიანმა თავად განაცხადა, რომ ქაღალდის პირადობებს არ ჰქონდათ მაღალი სანდოობის ხარისხი და შეიძლება მათი ძალიან მარტივად გაყალბება. მას შემდეგ, რაც მოხდა გავრილოვის სისხლიანი ღამე და ხელისუფლებამ მოატყუა მოსახლეობა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, გადაწყვტიეს, რომ არჩევნების ფალსიფიკაციისთვის გამოიყენონ ყველა მეთოდი.

ჩვენ გვაქვს ორი კატეგორიული მოთხოვნა, პირველი: ცესკომ არ დაუშვას ამ ერთთვიანი და დროებითი მოწმობებით ხმის მიცემის უფლება, რადგან ამ მოწმობებს არ გააჩნიათ არავითარი სანდოობის ხარისხი, მათზე მაიდეინტიფიცირებელი არანარი ნიშანი არ არსებობსს და მათი გაყალბება შეიძლება ძალიან მარტივად. მეორე მოთხოვნა, რის დაყენებასაც ჩვენ ვაპირებთ საერთო ოპოზიციურ ფორმატაში არის ის, რომ ხელისუფლებამ დაუშვას წვდომა სიების ფორმირებაზე“ ,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, თინა ბოკუჩავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, ოპოზიციურ პარტიებს სიების გადამოწმების კომისიის შექმნა შესთავაზონ.

„ჩვენ ვაპირებთ, შევთავაზოთ ოპოზიციურ პარტიებს, შეიქმნას სიების გადამოწმების კომისია, რისი პრეცედენტიც უკვე არსებობს, 2012 წელს შეიქმნა ასეთი კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგელები. ჩვენ ვითხოვთ, რომ ახლაც დაუშვას ხელისუფლებამ მსგავსი კომისიის შექმნა, რათა უფრო მაღალი სანდოობა შეიქმნას არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პირადობის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით დროებითი ნორმები 30 დეკემბერს ამოქმედდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით,  უსაფრთხო დოკუმენტების გაცემის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისა და, ამავე დროს, საკონსტუტიციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (ე.წ. ლამინირებული, ქაღალდის პირადობის მოწმობა) შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე.

ბრძანება მოქმედებს დროებით − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ (2019 წლის 26 დეკემბრის №1/12/1404) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

როგორც ცნობილია, 2019 წლის 26 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის წესის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი და შეაჩერა პირადობის მოწმობის გაცემის წესის სადავო ნორმა.