„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს.
როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა, დავით ზალკალიანმა დეპუტატებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრაზე განხილული საკითხების თაობაზე დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
„როცა გამოცხადდება დავით ზალკალიანი პარლამენტში, მას მოუწევს საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე, ასევე შეხვედრის მიზანშეწონილობის შესახებ. არსებული რეგლამენტის შესაბამისად, ჩვენ კომიტეტში ვიბარებთ მას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრასთან დაკავშირებით პოლიტიკური ძალები და საზოგადოება წინასწარ უნდა ყოფილიყო ინფორმირებული.
„რატომ მოხდა შეხვედრა, როცა ჟენევის ფორმატში მონაწილეობაზე რუსეთი აცხადებს უარს, ახდენს მის ბლოკირებას და რამდენად სასარგებლოა ეს ქვეყნისთვის, ვის ინტერესს ემსახურება, რის მიღწევას აპირებს საქართველო და ვინ რჩება საბოლოოდ ამ ფარული და გაურკვეველი შეხვედრებით გამარჯვებული. რაზე ილაპარაკეს? რუსეთი აცხადებს ერთს, შვეიცარიის საელჩო მეორეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მესამეს. თავად ესეც იწვევს ბევრ ეჭვს. რუსეთის განცხადებაში საერთოდ არ ყოფილა საუბარი ქვეყნის პრობლემის შესახებ, რომელსაც ტერიტორიების ოკუპაცია ჰქვია. ამიტომ, ყველა კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძე დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნებასაც ითხოვს.
„თქვენ ნახეთ, რომ ტრამპს მოუწია სატელეფონო საუბრის გამოქვეყნება ზელენსკისთან, როცა მოითხოვა კონგრესმა. კეთილი ინებონ და გამოაქვეყნონ სტენოგრამა, რაზე ისაუბრეს და იყო თუ არა ეს საუბარი საქართველოს სტრატეგიული ინტერესების შესაბამისი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრა არასწორი და ფარული გადაწყვეტილება იყო.
გოცირიძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ როცა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი არსებობს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფარული შეხვედრა დაუშვებელია.
ამასთან, გოცირიძე მიიჩნევს, რომ რუსეთი აღნიშნული ფორმატის დაკნინებას ცდილობს და შეეცდება, მოლაპარაკებები ერთი ერთის ფორმატში გადაიყვანოს.
„ლავროვთან შეხვედრა იყო არასწორი და ფარული გადაწყვეტილება. დაუშვებელია, რომ ხალხის ზურგს უკან მოხდეს შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მით უმეტეს, როდესაც არსებობს ჟენევის ფორმატი და ამ ფორმატის დაკნინების მცდელობაა რუსეთის მხრიდან. რუსეთი შეეცდება, მოლაპარაკებები გადაიყვანოს ერთი ერთის ფორმატში, სადაც მას ექნება გაცილებით ძლიერი პოზიციები და საქართველო დარჩება მარტო რუსეთთან მოლაპარაკებაში, რაც იქნება დამაზიანებელი ქვეყნისათვის. გარდა ამისა, ეს პროცესები არის გავრილოვის გეგმის ნაწილი. მან მიაღწია ყველა იმ შედეგს, რაც უნდოდა – რეპრესიები, დაჭერები, აქციის მონაწილეების დევნა და ბოლოს გახარიას დანიშვნას მიესალმა აღფრთოვანებული და განაცხადა, რომ მასთან უკვე შეუძლია რუსეთს პირდაპირი მოლაპარაკებების გზით წასვლა. ერთი კვირის თავზე ახდა კიდეც მისი სიტყვები“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ და დასძინა, რომ მსგავსი შეხვედრები უნდა ტარდებოდეს იმ შემთხვევაში, თუ დადგება პრინციპული საკითხი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს დღეს შეხვდა.