„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სუს-ის ანგარიშის საპარლამენტო მოსმენაზე პანკისში არსებული ვითარების შესახებ დასვამენ კითხვებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ უმკლავდება ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ საპარლამენტო მოსმენაზე სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ კითხვები ექნება პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარების შესახებ.
„ჩვენი მთავარი შეკითხვები დაუკავშირდება სწორედ პანკისში შექმნილ ვითარებას. მაშინ, როდესაც სუს-ი საკუთარ რესურსებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების დევნისათვის, ოპოზიციის დევნისთვის, რეალურად ქვეყანაში არის უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები და ამ გამოწვევებს ვერ უმკლავდებიან თუ არ უმკლავდებიან სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები, მათ შორის სუს-ი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს განიხილავენ. სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა სამი კომიტეტის – თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იგეგმება.