152-ე ბაღის 28 აღსაზრდელს ტუბერკულოზის ცენტრში გამოკვლევა უტარდება
152-ე ბაღის 28 აღსაზრდელს ტუბერკულოზის ცენტრში გამოკვლევა უტარდება

ტუბერკულოზის ცენტრში თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის იმ ჯგუფის აღსაზრდელებს, რომელთაც ტუბერკულოზის ნიშნებიან პედაგოგთან უშუალო შეხება ჰქონდათ, სპეციალური შემოწმება უტარდებათ. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ავალიანი აცხადებს, გამოკვლევა 28 აღსაზრდელს უნდა ჩაუტარდეს.

ზაზა ავალიანის თქმით, შემოწმების ჩატარება მხოლოდ იმ ბავშვებზეა აუცილებელი, რომლებსაც უშუალო შეხება ქონდათ პედაგოგთან. რაც შეეხება სხვა ჯგუფების აღსაზრდელებს, მათი გამოკვლევის აუცილებლობა არ არის და ნებაყოფლობითია.

„ძალიან მოკლე დროში მოხდა გამოვლენა ამ პათოლოგიის. გამოყენებული იყო თანამედროვე ტექნიკა, რომელიც საკმაოდ ოპერატიულად და მაღალი სიზუსტით ავლენს ამ პათოლოგიას. ტუბერკულოზი არის გადამდები დაავადება, ბუნებრივია, მისი გავრცელების საშიშროება ყოველთვის არსებობს, როცა არის დაავადებული ადამიანი. ის გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით, შესაბამისად, რისკის ქვეშ შესაძლებელია ყოფილიყო ამ დაწესებულების ის ბავშვთა კონტიგენტი, რომელთანაც უშუალოდ მუშაობდა ქალბატონი ჯგუფში და 28-ვე ბავშვი იქნება გამოკვლეული.

უკვე დაიწყეს ჩვენმა სპეციალისტებმა მათი გამოკვლევა და შესაბამისად, ჩატარდება ყველა ის ეფექტური ღონისძიება, რომელიც სავალდებულოა დაავადების გამოვლენისა, მისი პირველი ნიშნების დაფიქსირებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების კუთხით. მიმდინარეობს ქალბატონის მკურნალობაც“, – აცხადებს ზაზა ავალიანი.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთ პედაგოგს დაუფიქსირდა ტუბერკულოზის ნიშნები.

„ბაღის პედაგოგს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა, რომლის საფუძველზეც დაენიშნება შესაბამისი მკურნალობის კურსი. ფილტვების დაავადებებისა და ტუბერკულოზის ცენტრის რეკომენდაციით, პრევენციის მიზნით, ბაგა-ბაღის იმ ჯგუფის აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან უშუალო შეხება ჰქონდათ, გაივლიან სპეციალურ შემოწმებას. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ხარჯებს სრულად დააფინანსებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“, – აცხადებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.