თბილისის ერთ-ერთი ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა, აღსაზრდელებს შემოწმება ჩაუტარდებათ
თბილისის ერთ-ერთი ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა, აღსაზრდელებს შემოწმება ჩაუტარდებათ

თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა, რის გამოც, პრევენციის მიზნით, იმ ჯგუფის აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან უშუალო შეხება ჰქონდათ, სპეციალურ შემოწმებას გაივლიან. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთ პედაგოგს დაუფიქსირდა ტუბერკულოზის ნიშნები. ბაღის პედაგოგს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა, რომლის საფუძველზეც დაენიშნება შესაბამისი მკურნალობის კურსი.

ფილტვების დაავადებებისა და ტუბერკულოზის ცენტრის რეკომენდაციით, პრევენციის მიზნით, ბაგა-ბაღის იმ ჯგუფის აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან უშუალო შეხება ჰქონდათ, გაივლიან სპეციალურ შემოწმებას.

ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ხარჯებს სრულად დააფინანსებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო.

თბილისის ბაღების პერსონალი გეგმურად გადის სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გამოკვლევებს. ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი შემთხვევების დროულად გამოვლენის მიზნით“, – აცხადებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.