მზის მსგავს ვარსკვლავთან იუპიტერზე სამჯერ მასიური პლანეტა აღმოაჩინეს
მზის მსგავს ვარსკვლავთან იუპიტერზე სამჯერ მასიური პლანეტა აღმოაჩინეს

მზის მსგავს ვარსკვლავ კეპლერ-88-სთან გიგანტური პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც იუპიტერს მასით სამჯერ აღემატება. შედეგად, სახელგანთქმული ეგზოპლანეტა კეპლერ-88 c ამ სისტემის უდიდესი პლანეტური სხეული აღარ არის.

ეგზოპლანეტას კეპლერ-88 d უწოდეს და ის სისტემაში მესამე დადასტურებული პლანეტაა. კეკის ობსერვატორიის მიერ ექვსი წლის განმავლობაში შეგორვებულ მონაცემებში ის ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის ასტრონომთა ჯგუფმა აღმოაჩინა. პლანეტა თავის დედავარსკვლავს გარს უვლის ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.

„სამი იუპიტერის მასის მქონე კეპლერ-88 d-ს უფრო გავლენიანი ისტორია უნდა ჰქონოდა კეპლერ-88-ის სისტემაში, ვიდრე მის ე. წ. მეფეს, კეპლერ-88 c-ს, რომელსაც მხოლოდ ერთი იუპიტერის მასა აქვს. სავარაუდოდ, სწორედ კეპლერ-88 d წარმოადგენს ამ პლანეტური იმპერიის უზენაეს მონარქს“, — ამბობს კვლევის ავტორი ლორენ ვაისი.

სისტემა კეპლერ-88 მდებარეობს დედამიწიდან 1200 სინათლის წლის მანძილზე, ქნარის თანავარსკვლავედის მიმართულებით. ასტრონომთა ყურადღება მან 2013 წელს, პირველი ორი ეგზოპლანეტის აღმოჩენისთანავე მიიქცია. დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ორ პლანეტას შორის უფრო მასიური, კეპლერ-88 c და მისი გაზოვანი დედმამიშვილი, კეპლერ-88 b დედავარსკვლავის გარშემო მოძრაობისას ერთმენეთთან საკმაოდ უცნაურად ურთიერთქმედებენ.

საქმე ის არის, რომ სუბნეპტუნის ტიპის კეპლერ-88 b ვარსკვლავს გარს უვლის 11 დღეში ერთხელ, კეპლერ-88 c კი ყოველ 22 დღეში. გამომდინარე იქიდან, რომ გარე პლანეტა, კეპლერ-88 c 20-ჯერ უფრო მასიურია, ვიდრე კეპლერ-88 b, დიდი პლანეტის გრავიტაცია გავლენას ახდენს შიდა პლანეტის ორბიტაზე, როდესაც ვარსკვლავის გარშემო მოძრაობისას ისინი ერთმანეთს ჩაუვლიან. მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ორი ორბიტის შესრულებისას, კეპლერ-88-ს მისი გიგანტური ძმა „ექაჩება“.

უცნაური, რაც ამ უცხო პლანეტებს შორის ასტრონომებმა შენიშნეს, არის საოცარი დინამიკა, რასაც საშუალო მოძრაობის რეზონანსს უწოდებენ; ორი ორბიტა, რომელიც საათის მექანიზმის მსგავსად მოქმედებს — არის ენერგოეფექტური და როგორც მკვლევრები შენიშნავენ, მოგვაგონებს მშობლის მიერ ბავშვის რწევას.

კეპლერ-88-ის სისტემის ორბიტული პერიოდები ზუსტად განსაზღვრა ნასას აწ უკვე მწყობრიდან გამოსულმა კოსმოსურმა ტელესკოპმა კეპლერმა. ტრანზიტის მეთოდით, ანუ დედავარსკვლავის წინ პლანეტის ჩავლისას, კეპლერმა განსაზღვრა ე. წ. ტრანზიტული განრიგის ვარიაციები.

მართალია, ტრანზიტული განრიგის ვარიაციები სხვა სისტემებშიც არის დაფიქსირებული, მაგრამ კეპლერ-88-ის შემთხვევაში ეს მახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდია. თუ ტრანზიტი პროგნოზირებულზე ნახევარი დღით ადრე ან გვიან დგება, სისტემას „ტრანზიტული განრიგის ვარიაციების მეფეს“ უწოდებენ.

ჩვენს მზის სისტემაში გრავიტაციული გავლენის მეფის ტიტულს იუპიტერი ფლობს. რგოლებიან სატურნზე ორჯერ დიდი მასისა და დედამიწაზე 300-ჯერ მჩატე იუპიტერის მცირე მოძრაობაც კი გავლენას ახდენს კოსმოსური სამეზობლოს სხვა სხეულებზე, მარსიდან დაწყებული, იმ კომეტებით დამთავრებული, რომლებმაც მილიარდობით წლის წინ ახალგაზრდა დედამიწაზე წყალი მოიტანეს.

მკვლევართა თქმით, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, ასევე აქვს თუ არა კეპლერ-88-ს გავლენა ახლად წარმოქმნილი კლდოვანი პლანეტებისკენ წყლის შემცველი კომეტების გადამისამართებაში.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი